პროკურატურამ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელებს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
"საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული სასამართლოს განჩინებით დაკავებულ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე სამი სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელ პირებს ა.გ-ს, გ.ხ-ს, კ.ჭ-ს, და ჯ.თ-ს, 2020 წლის 14 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 185-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის ბრალდება წარედგინათ.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხსენებული პირები შეუთანხმდნენ რამდენიმე მილიონიანი ყალბი საგადასახადო აქტივის მქონე მეწარმე სუბიექტს და ჯგუფურად დამზადებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტები განბაჟებულ იქნა ყალბი საგადასახადო აქტივით, რითაც სახელმწიფოს მიადგა 3 558 799 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის ნაწილში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით, ხოლო 210-ე მუხლის ნაწილში ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
საქართველოს პროკურატურა დღეს მიმართავს სასამართლოს ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, ხსენებულ დანაშაულებრივ ჯგუფში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა დასადგენად", - ნათქვამია განცხადებაში.