მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პურზე ფასის კლებას სკეპტიკურად ვუყურებთ” - პურის მცხობელთა ასოციაცია გაზის ტარიფის შემცირებაზე

პური

სექტემბრიდან ბუნებრივი აირის საფასური თბილისში, კომერციული მომხმარებლისთვის 11 თეთრით, რეგიონებში კი 13 თეთრით მცირდება. შესაბამისი ცვლილება რეგიონების შემთხვევაში „სოკარ ჯორჯია გაზის“, დედაქალაქში კი "თბილისი ენერჯის" მომხმარებელს შეეხება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა განაცხადეს. 

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე, BMG-სთან ტარიფის შემცირებას აფასებს და ამბობს, ტარიფის ცვლილება სექტორზე დადებითად აისახება, თუმცა პურზე ფასის შემცირების მოლოდინი არ არის.

მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ინდუსტრია ახლა ადამიანური რესურსის სიმცირეს განიცდის, შესაბამისად, საწარმოებში დაზოგილი თანხა, დასაქმებულების ანაზღაურების ზრდაზე უნდა მიემართოს. 

“დღეს თუნდაც 11 თეთრიანი ცვლილება, რა თქმა უნდა დადებითად აისახება. ყოველთვის ფოკუსირებენ იმაზე, რომ ეს პურის ფასზე აისახება, ამჯერად ეს ცვლილება ხელფასებზე უნდა აისახოს, რადგან ჩვენ დარგში ძალიან დიდი გადინებაა ადამიანური რესურსის. ასევე ხელფასებთან დაკავშირებით მძიმე სიტუაციაა, იძულებული ვართ ხელფასები გავზარდოთ, ეს სხვაობა კი წარმოებაზე დადებითად იმოქმედებს. ამ ეტაპზე პურზე ფასის კლებას სკეპტიკურად ვუყურებ. შემიძლია გითხრათ, რომ ფასი იქნება შენარჩუნებული” ამბობს მალხაზ დოლიძე. 

შეგახსენებთ: "თბილისი ენერჯის" მომხმარებლებისთვის კომერციული ტარიფი 1,35 თეთრის ნაცვლად, 1,24 თეთრით განისაზღვრება, "სოკარ ჯორჯია გაზის" შემთხვევაში კი ახალი ტარიფი სექტემბრიდან 1,38 თეთრის ნაცვლად 1,25 თეთრი იქნება. ბუნებრივ აირზე არასაყოფაცხოვრებო ტარიფის შემცირების მიზეზი მისი შესასყიდი ღირებულების შემცირებაა. უცვლელი რჩება მოსახლეობისთვის, საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც "სემეკის" მიერაა დადგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები