მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ-ამერიკულმა კოსმეტიკურმა ბრენდმა ANNE SIDAMONI SKINCARE-მ ახალი პროდუქტები გამოუშვა

61d6afc599c00
თამთა ჯიჯავაძე
06.01.22 17:00
1109
ამერიკაში მცხოვრები კოსმეტოლოგის, ანი სიდამონიძის ბრენდმა ANNE SIDAMONI SKINCARE-მ ახალი პროდუქტები დაამატა. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში, კოსმეტიკური ნაწარმის შემქმნელმა, ანი სიდამონიძემ აღნიშნა, ახალი პროდუქტები იმის მიხედვით შეირჩა, რისი მოთხოვნაც ბაზარზე დაინახეს.

„ჩემი მიდგომა ყოველთვის ასეთია: ბაზრის მოთხოვნას უნდა დაემორჩილო. თუ არსებობს მოთხოვნა, აუცილებლად უნდა გამოიყენო ეს შანსი, მერე შეიძლება დაგაგვიანდეს. 2021 გაზაფხულიდან დავიწყეთ კოსმეტიკურ ხაზზე აქტიური მუშაობა, რადგან ამის მოთხოვნა არსებობდა.

თავიდან მხოლოდ თვალების და წარბების პროდუქციაზე ვფიქრობდი, რადგან პანდემიაა და ყველას ნიღბები უკეთია, გაგიკვირდებათ და ამ პანდემიაში უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ტუჩსაცხის გამოყენება. ასე მოხდა პროდუქტების შერჩევა. ერთადერთი, რაც პრინციპულად არ არის ჩემს კოსმეტიკის ხაზში, ეს ტონალური და კორექტორია. კანის სილამაზე მის სიჯანსაღეშია, რაც მოვლის სწორი საშუალებებით და რუტინით მიიღწევა და არა იმის დაფარვით, რაც ჩვენს კანში არ მოგვწონს.

კოსმეტიკის ხაზში ისეთი პროდუქცია გვაქვს, რაც ყველას უდევს ჩანთაში, მათ შორის მათაც, ვინც ძალიან იშვიათად ატარებს მაკიაჟს. ეს არის წითელი და ნატურალური ფერის ტუჩსაცხი და კონტური, თვალის ფანქარი, ტუში, წარბის დამფერი და გელი. ასევე კონტური, ჰაილაითერი, ბლაშის მინისეტი და შესაბამისი ფუნჯებიც. ამ ყველაფერს მაკიაჟის ხარისხიანი მოსაშორებელი და ფუნჯების პროფესიონალური შამპუნიც დავამატეთ“, - აღნიშნა მან.

ბრენდი ANNE SIDAMONI SKINCARE-ი დაახლოებით ორი წლისაა. როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, 2021 გამოწვევების წელი იყო. კომპანია ახლა იკიდებს ფეხს, მით უმეტეს ამერიკის ბაზარზე, სადაც თავის დამკვიდრება, არც ისე მარტივია.

ანი სიდამონიძის კოსმეტიკური ნაწარმი Amazon-ზე

„ჩვენი კომპანიისთვის ეს არსებობის მეორე წელი იყო, ასე რომ დიდად ვერ დავიკვეხნით დიდი შემოსავლებით, უფრო დიდი მიზნები გვაქვს, ვიდრე შემოსავლები ჯერ. თუმცა იმისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ყველა საჭიროება დაგვეკმაყოფილებინა. ამ წელს შევძელით კოსმეტიკის ხაზის დამატება. ახალი გაყიდვის ხაზებზე ამ ეტაპზე არ ვმუშაობ“, - ამბობს ანი სიდამონიძე.

კოსმეტიკური პროდუქცია ბრენდის ვებგვერდ sidamoni.com-ზე იყიდება და ძირითადად ამერიკის მასშტაბით ჰყავს მომხმარებელი. მეორე ადგილზე კი გაყიდვებით საქართველოა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Bm.ge-სთან საუბრისას, ანი სიდამონიძე ამბობს, რომ 2022 წელი დიდი გამოწვევით იწყება, ვინაიდან კომპანიის პროდუქცია მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სპა და გამაჯანსაღებელ საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაზე, IECSC New York 2022-ზე გადის, რომელიც ნიუ-იორკში ჯავიტსის ცენტრში, ყოველწლიურად იმართება.

„წარმოუდგენელი ღონისძიებაა, აქ ნახავთ როგორც დამწყებ კომპანიებს, ასევე დიდ მოთამაშეებს. დაწყებული კანის მოვლის საშუალებებით, ლაზერის ან კრიო მანქანების უკანასკნელი გამოძახილით დამთავრებული, ყველაფერია. 400-მდე მონაწილე და რამდენიმე ათეული ათასი სტუმარი. ყველა სტუმარი პროფესიონალია, რადგან ბილეთის შეძენისას ლიცენზიის წარდგენა სავალდებულოა, დიახ, დასწრება ფასიანია, ამიტომ ზუსტად ვიცით, რომ წელს რამდენიმე ათეული ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია. $119- მილიარდიანი ბიზნესის უდიდესი ღონისძიება 13-15 მარტს გაიმართება, რომელსაც 170-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს. ვფიქრობ, ეს დღე გადამწყვეტი იქნება ჩვენი პატარა, მაგრამ ძალიან მამაცი ბრენდისთვის“, - აღნიშნა ANNE SIDAMONI SKINCARE-ის შემქმნელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები