მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბანკებში უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტები რეკორდულ ₾6.9 მილიარდზეა

ლარი დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ქართულ ბანკებში არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა ივნისის მდგომარეობით 6.9 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა თვესთან შედარებით 177 მილიონი ლარით მეტი იყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ამ კატეგორიის დეპოზიტების ზომა 2.1 მილიარდი ლარით, ხოლო ბოლო 2 წელში 2.9 მილიარდი ლარით გაიზარდა. მატების მთავარი მდგენელი რუსეთის ფედერაციიდან ემიგრირებული პირების საბანკო გადმორიცხვებია.

საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე არარეზიდენტთა დეპოზიტების 37% მოდიოდა, (2.4 მილიარდი ლარი), ამასთან უკრაინის მოქალაქეთა დეპოზიტები 400 მილიონამდე, ბელარუსის მოქალაქეთა დეპოზიტები კი 200 მილიონ ლარამდე იყო.

ფიზიკური პირები ქართულ ბანკებში სულ 24.5 მილიარდ ლარს ინახავენ, შესაბამისად, მათ შორის არარეზიდენტთა დეპოზიტები 28%-ს შეადგენს.

არარეზიდენტი პირები საკუთარ დანაზოგებს ძირითადად (დეპოზიტების 85%-ს) უცხოურ ვალუტაში ინახავენ, ხოლო საქართველოს რეზიდენტი პირების დეპოზიტებში უცხოური ვალუტის წილი 60%-ია. 

მაისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა 40%-დან 80%-მდე გაზარდა, სებ-მა მაშინ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ უცნობია რამდენი ხნის განმავლობაში გაჩერდება აღნიშნული დეპოზიტები ქვეყანაში, ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ ამ კაპიტალის მეშვეობით ბანკებმა გრძელვადიანი მოთხოვნები არ დააფინანსონ, რადგანაც უცნობია როდის დატოვებს აღნიშნული რესურსი ქვეყანას.

უცხოეთის რეზიდენტთა დეპოზიტები ქართულ ბანკებში 2015-2023 წლებში (სებ):

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები