"მაისში ფერო-სილიკონ-მანგანუმის ექსპორტი 46%-ით გაიზარდა", - ამის შესახებ საქსტატის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. სწორედ დამამუშავებელ მრეწველობაში დაფიქსირებულ ზრდას ჰქონდა საკმაოდ დიდი წვლილი მაისის ეკონომიკურ ზრდაში, რომელმაც 25.8% შეადგინა.
“ფეროშენადნობთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ნუგზარ კევლიშვილი “საქმის კურსთან” გაზრდილი ექსპორტის მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ექსპორტის მატება გლობალურ ბაზარზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა, რადგანაც შეჩერებული სამშენებლო პროექტები განახლდა. ამასთან, გასულ წელს რამდენიმე მცირე საწარმო გაიხსნა, რომლებმაც პროდუქცია ექსპორტზე გაიტანეს.
“ექსპორტის ზრდის ტენდენცია დაიწყო დეკემბრის ბოლოდან. ყველაფერთან ერთად გაიზარდა ფასი ფერო-სილიკონ-მანგანუმზე და 10-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ფასების მატება გამოწვია გლობალურმა პროცესებმა - პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდა ყველა ქვეყანაში შეინიშნება, განახლდა პროექტები, დაიწყო მშენებლობები, მეტალზე დიდი მოთხოვნაა და მეტალის წარმოება ფერო-სილიკონ მანგანუმის გარეშე შეუძლებელია. აქედან გამომდინარე მოთხოვნაც გაიზარდა. ამან თავის მხრივ გამოიწვია ფასების ზრდა. საკმაოდ კარგი პერსპექტივები ჩანს”, - აცხადებს ნუგზარ კევლიშვილი.
მისივე თქმით, ექსპორტის ზრდის ხელისშემწყობი იყო ის გარემოებაც, რომ ქართულმა ფერო-სილიკონ-მანგანუმმა თურქეთში ინდური პროდუქცია ჩაანაცვლა. ნუგზარ კევლიშვილი განმარტავს, რომ ინდოეთი ფერო-სილიკონ-მანგანუმის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, თუმცა იქ არსებულმა კოვიდ-ვითარებამ წარმოება შეამცირა.
“აქედან გამომდინარე, ქართულ პროდუქტზე გაიზარდა მოთხოვნა”, - აცხადებს ნუგზარ კევლიშვილი. მისივე თქმით, საქართველოში წარმოებული ფერო-სილიკონ-მანგანუმის ექსპორტი, ძირითადად, აშშ-სა და რუსეთში ხორციელდება.