მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართულ პროდუქციას იმპორტულისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია“ - "როზმარინუსი"

64107ba227dd4
სალომე ხიდურელი
14.03.23 17:49
668
თავის მოვლის ვეგანური საშუალებების მწარმოებელი ბრენდი „როზმარინუსი“, რომელიც ქართულ ბაზარზე 2022 წლის სექტემბერში გამოჩნდა, ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს. კომპანიის სამომავლო გეგმებზე BM.GE-სთან მისი დაფუძნებელი მარიამ ბალიაშვილი საუბრობს.

„როზმარინუსის“ შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მშობიარობით გამოწვეული თმის ცვენის საწინააღმდეგო ზეთი ჩემთვის დავამზადე. პროდუქტი იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე, უფრო დიდი რაოდენობით მეწარმოებინა. ამ ეტაპზე გვაქვს როგორც თმის, ასევე ტანის მოვლის სხვადასხვა საშუალებები: ზეთები, სკრაბები, კარაქები და ა.შ. თუმცა ყოველ დღე ვფიქრობ, რა არის ის განსაკუთრებული პროდუქტი, რაც ქალს სჭირდება და შემიძლია, რომ დავამზადო. ზაფხულიდან ვგეგმავ რუჯის ხაზის დამატებას, სამომავლოდ კი მინდა 100%-ით ნატურალური, ვეგანური საპნებიც შევქმნა“, - ამბობს მარიამ ბალიაშვილი.

კითხვაზე, რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული წარმოების თავის მოვლის საშუალებები იმპორტული პროდუქციით გაჯერებულ ბაზარზე, „როზმარინუსის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი გაცილებით უსაფრთხოა.

„რა თქმა უნდა, ქართულ პროდუქციას იმპორტულისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია, რადგან როდესაც ყიდულობ ადგილობრივ წარმოებას, ზუსტად იცი, რომ ის არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის პოტენციურად მავნე დანამატებს, რომლებიც იმპორტული პროდუქციის ვარგისიანობისთვის, მათი ვადის გახანგრძლივებისთვის აუცილებელია.

ზოგადად, ქართულ პროდუქციაზეც საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. „როზმარინუსის“ თავის მოვლის საშუალებები ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვის გარდა, ხშირად გამიგზავნია ევროპის ქვეყნებში ემიგრანტებთანანაც“, - ამბობს მარიამ ბალიაშვილი.

მისივე თქმით, კომპანიის წარმადობა შეკვეთების რაოდენობაზეა დამოკიდებული, მის გასაზრდელად საჭირო საწარმო ფართი კი ჯერჯერობით არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ „როზმარინუსის“ საწყისი ინვესტიცია 50 ლარი იყო, მათი 100%-ით ნატურალური, ქართული ნედლეულისაგან დამზადებული პროდუქციის შეძენა კი სოციალური ქსელების საშუალებით არის შესაძლებელი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები