ღვინის მწარმოებელი კომპანია “რთველისის” დამფუძნებელი თორნიკე ჭიკაძის შეფასებით ქართული ღვინისთვის ევროპულ ბაზარზე შესვლა რთულია.
ღვინის ადგილობრივი მწარმოებლების გამოწვევებსა და სირთულეებზე კომპანიის ხელმძღვანელმა BM.GE-სთან ისაუბრა. უნდა აღინიშნოს, რომ “რთველისი” 2023 წელს 4 მლნ ბოთლი ღვინის წარმოებას გეგმავს, რომლის 93% ექსპორტზე იქნება მიმართული. თორნიკე ჭიკაძის ინფორმაციით, 2022 წელს კომპანიის მიერ ნაწარმოები ქართული 35-მდე დასახელების ღვინო 18 ქვეყანაში, მათ შორის ევროპულ ბაზარზე იყო წარდგენილი. “რთველისის” დამფუძნებელი ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია და ახალ სარეალიზაციო ქვეყნებში შესვლა და პოზიციონირება რთული და გრძელვადიანი პროცესია.
“საერთაშორისო არენაზე ქართული ღვინის გაყიდვების დივერსიფიცირება ძალიან რთულია. ბევრი გამოწვევა არსებობს და ქართული ღვინისთვის ევროპულ ბაზარზე შესვლას ართულებს. ეს ალბათ სარეალიზაციო ბაზრებზე ღვინის მწარმოებლებს შორის მზარდი და დიდი კონკურენცია და ამავე დროს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ნაკლებობაა. ყველაფერს დრო სჭირდება და ერთ დღეში მაგალითისთვის გერმანიაში ფრანგულ ღვინოს ვერ ჩაანაცვლებ. ჩვენთვის კონკრეტულად ამ ბაზრის მოცვა და განვითარება საკმაოდ რთულია. ღვინის რეალიზებას ვახდენთ, თუმცა მცირე მოცულობებით”, - ამბობს ჭიკაძე და დასძენს, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია დიდი დროსა და რესურსს მოითხოვს, რაც სახელმწიფოსთან ერთად კომპანიების სამუშაოს წარმოადგენს.
“საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის წარდგენაში ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად არის ჩართული და მეღვინეებს ეხმარება. ყოველწლიურად მათი მხარდაჭერა იზრდება და ეს საგრძნობია, მაგრამ თითოეული მეწარმის მხრიდან უფრო მეტი ფინანსური რესურსია მოსაძიებელი, რათა სხვადასხვა ბაზრების მოცვა უფრო სწრაფად მოხდეს”, - განმარტა “რთველისის” დამფუძნებელმა.
კომპანია ქვეყანაში წარმოებული ღვინის 7%-ს ყიდის და როგორც დამფუძნებელი ამბობს, საქართველოში ბაზრის სიმცირის გამო, ეს კარგი მაჩვენებელია.
“ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისას ერთ-ერთი გამოწვევა არასტაბილურია კურსია, რადგან ფასი გრძელვადაზე გათვლა გვიძნელდება. აქედან გამომდინარე ის ჩქარი გამყარება, რაც გასულ წელს გვქონდა, როდესაც საუბარი დაბალმარჟიან პროდუქტს ეხება, ექსპორტისთვის ხელისშემშლელია. მეორე საკითხი ლოგისტიკური შეფერხებებია, რომელიც კოვიდიდად და შემდეგ ომიდან იყო გამოწვეული და ასევე ჩვენი მეზობლების არასტაბილურობა”, - ამბობს ჭიკაძე.
აღსანიშნია, რომ გასულ წელს კომპანიის გაყიდვები, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე 40%-ით გაიზარდა. დამფუძნებელი „რთველისის“ ღვინის მიმართ მოთხოვნას ქვეყანაში ტურისტების გაზრდილი ნაკადით, ექსპორტზე რეალიზების ზრდას კი ბაზრების დივერსიფიცირებით ხსნის.