მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართული ოცნების” არგუმენტები სიმართლისგან შორს დგას - IDFI დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე

6489b5db3b757
შოთა ტყეშელაშვილი
14.06.23 17:00
411
ვენეციის კომისიამ, ასევე ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა უარი თქვას დეოლიგარქიზაციის შესახებ სპეციალური კანონის მიღებაზე. ვენეციის კომისიის შეფასებით, პარადოქსულია, “დეოლიგარქიზაციის” კანონის აღსრულება მოსთხოვო ინსტიტუტებს, რომლებშიც, ოლიგარქიულ გავლენებს სისტემური სახით აქვს ფესვები გადგმული. შესაბამისად, კომისია ხელისუფლებას ოლიგარქიულ გავლენებთან ბრძოლისთვის სისტემური მიდგომის დანერგვისკენ მოუწოდებს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ დეოლიგარქიზაციის კანონპროქტი მეორე მოსმენით უკვე მიიღო. მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-იმ. IDFI-ის მოსაზრებით, "ქართული ოცნების" არგუმენტები თუ რატომ უნდა იქნას ეს კანონი მიღებული სიმართლისგან შორს დგას.

“ოლიგარქიზაციასთან ბრძოლის სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად, ვენეციის კომისიამ საქართველოს მოუწოდა, გაატაროს სათანადო რეფორმები მოქმედი კანონმდებლობის აღსასრულებლად და დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით, ვენეციის კომისიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების სექტორზე. ვენეციის კომისიის მითითებით, რეფორმები უნდა იყოს სისტემური, ყოვლისმომცველი და შეუქცევადი/ინტენსიური (“relentless”).

აღსანიშნავია, რომ ამ თვალსაზრისით ვენეციის კომისიამ გაიზიარა სამოქალაქო ორგანზაციების პოზიცია ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიციით, ევროკავშირის სხვა რეკომენდაციების რეალური იმპლემენტაცია, თავისთავად, გადაჭრიდა “დეოლიგარქიზაციის” პრობლემას, ვინაიდან ძლიერ და რეალურად დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტებში ოლიგარქიული გავლენებისთვის სივრცე არ რჩება.

ვენეციის კომისიის ამ დასკვნით მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირების საჭიროება მათი რეალური დამოუკიდებლობის, ეფექტურობის, კოორდინაციისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.

ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მმართველი პარტიის არგუმენტი ვენეციის კომისიის დასკვნისა და ევროკავშირის მოთხოვნების ურთიერთწინააღმდეგობის თაობაზე სიმართლისგან შორს დგას. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება. ამდენად, საქართველოს მიერ ვენეციის კომისიის დასკვნის გაუთვალისწინებლობას და კანონის არსებული ფორმით მიღებას ნეგატიური გავლენა ექნება სახელმწიფოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე,”- ნათქვამია IDFI-ის შეფასებაში.

შეგახსენებთ: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი უკვე ორი მოსმენით არის მიღებული. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები