ქართული წვენების მწარმოებელ კომპანია “კამპას” 2022 წლის 10 თვეში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 40%-ით გაეზარდა. გაყიდვების ზრდის მიზეზი კი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ექსპორტიორებისგან სხვა, ახალ ბაზრებზე გაჩენილი დიდი მოთხოვნაა. როგორც “კამპას” დირექტორი სანდრო ბუაძე bm.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, მიმდინარე წელს ახალი ბაზრები დაიმატეს, მათ შორის, იაპონია, კანადა და ფილიპინები.
“ბოლო პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაგვეზარდა არეალი და ახალ ბაზრებს აქტიურად ვითვისებთ. ბუნებრივია გეოპოლიტიკური მოვლენები ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც ექსპორტზე გარკვეული ცვლილებები განაპირობა. ანუ, მოთხოვნის გადათამაშება სხვადასხვა ქვეყნებზე მოხდა და საქართველო არის ის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც რუსულ პროდუქციას სხვადასხვა ბაზრებზე ანაცვლებს. თუმცა ეს, ერთ-ერთი ფაქტორი არ არის, რადგან ჩვენი მარკეტინგული ძალისხმევაც ექსპორტზე მეტი აქცენტი გავაკეთოთ, გაყიდვებს ზრდის”, - განმარტა “კამპას” დირექტორმა.
სანდრო ბუაძის თქმითვე, ლოგისტიკური ვითარება საკმაოდ რთულია და გლობალურად ქაოტური. “ისეთ მიმართულებებზე, სადაც ლოგისტიკას აზრი აქვს და ძვირი არ ჯდება, ექსპორტს ვახორციელებთ. ლოგისტიკა საგრძნობლად გაძვირებულია, მაგალითად, აშშ-ში ტრანსპორტირების ღირებულება 50%-ზე მეტით გაიზარდა”, - განმარტა მან.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 228.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 4 546.0 მლნ დოლარს შეადგენს, ზრდა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 34%-ია.