მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული საბავშვო სამოსის ბრენდი Uniki წარმოებას აფართოებს

60a6209a64684
ინგა მურუსიძე
23.05.21 23:00
1405
ქართული საბავშვო სამოსის ბრენდი "Uniki • უნიკის" გაფართოვდა. საბავშვო სამოსის შემქმნელებმა პანდემიის მიუხედავად, მაღალი მოთხოვნის გამო ფეხსაცმელების წარმოებაც დაიწყო.

Bm.ge-ს „უნიკის“ დამფუძნებელი, მაგდა ზაქარიაშვილი უყვება, რომ ტყავის ფეხსაცმლის წარმოების დაწყება ტანსაცმლის მყიდველების მოთხოვნის გამო გადაწყვიტეს.

„საწარმოში გასულ თვეში ორი სხვადასხვა სახეობის საკერავი მანქანა და ერთი მკერავი დავამატეთ. ვცდილობთ წარმოება გავზარდოთ, შემცირების საჭიროება არ დამდგარა. თუმცა ჯერ კიდევ ვერ მივედით იმ ეტაპამდე, რომ მარაგები გვქონდეს. დავამატეთ ფეხსაცმლის ხაზი. ფეხსაცმლის წარმოების იდეა ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნის საფუძველზე წამოვიდა. როდესაც შეიძენდნენ სამოსს, ძალიან ხშირად გვეკითხებოდნენ, სად შეეძინათ კარგი ხარისხის და თან ლამაზი ფეხსაცმელი. მოსწონდათ ფეხსაცმელი, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით გადაღების დროს. ამ მოთხოვნას ვუპასუხეთ მიწოდებით“, - განაცხადა ზაქარიაშვილმა.

„უნიკის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, საბავშვო ფეხსაცმლის შესაკერად მთლიანად ნატურალურ ტყავს იყენებენ, კაუჩუკის ძირით. აქვე აღსანიშნავია, რომ ყველა ფეხსაცმელი იკერება ხელით (გვირისტის გარდა, რომელსაც აკეთებს საკერავი მანქანა).

„გავიარეთ კონსულტაცია ორთოპედებთანაც და ფეხსაცმელი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რაც საჭიროა ამ ასაკის პატარების ფეხის ჯანსაღი განვითარებისთვის. პირველი მოდელი შევკერეთ 19 დან 24 ზომამდე, სხვა ზომებზე ვმუშაობთ და მალე დავამატებთ 30 ზომამდე“, - აღნიშნავს ზაქარიაშვილი.

„უნიკის“ ფეხსაცმელებს ნიდერლანდებში სერტიფიცირებული ორთოპედიული ფეხსაცმლის მკერავი კერავს.

რაც შეეხება ზოგადად წარმოებას, როგორც მაგდა ზაქარიაშვილი ამბობს, პანდემიის მიუხედავად, „უნიკის“ სამოსზე მოთხოვნა მხოლოდ ერთხელ თებერვლის თვეში შემცირდა, დანარჩენ პერიოდში კი გაყიდვები სტაბილურად მიდის.

რაც შეეხება გეგმებს, საკითხზე საუბრისას მაგდა ზაქარიაშვილი ამბობს: „ჩვენი საწარმოს გაფართოება ყოველთვის დღის წესრიგშია, რადგან ჯერ მაინც ვერ ვკერავთ იმ რაოდენობის პროდუქციას, რაც რეალურად გვჭირდება. გავაფორმეთ მემორანდუმი კასპის კოლეჯთან, ეს არის უახლესი, მაღალტექნოლოგიური, არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა, ახლა იწყებს ფუნქციონირებას და მათი კურსდამთავრებულების ნაწილი ჩვენთან გაივლის სტაჟირებას. ეს მოგვცემს შანსს აღმოვაჩინოთ ბევრი ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანი ჩვენს რეგიონში და ვიფიქროთ იმხელა წარმოებაზე, რომ შეგვეძლოს დიდი ასორტიმენტის შეთავაზება, ახალი ხაზების დამატება, მაღაზიის გახსნა, პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები