მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული წარმოების გორგოლაჭები "მისკუზი“ - სტარტაპის გეგმები

627910db667bd
ვიქტორია მღებრიშვილი
09.05.22 18:15
2673
საქართველოში „მისკუზის“ ბრენდით ეკომეგობრული, ფერადი გორგოლაჭების წარმოება დაიწყო.

წარმოების ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიამ ქემოკლიძე BM.GE-სთან ყვება, რომ ადგილობრივად გორგოლაჭების წარმოების იდეა მეგობრებს ჯერ კიდევ 2015 წელს გაუჩნდათ და წლების განმავლობაში ფინანსების ძიებისა და პროექტის დამუშავების პროცესში იყვნენ. 2020 წელს კი „აწარმოე საქართველოს“ საგრანტო კონკურსში 30 000-ლარიანი გრანტი მოიპოვეს. წარმოებისთვის საჭირო დანადგარებისა და ნედლეულის უცხოეთიდან ჩამოტანის შემდეგ, „მისკუზის“ გორგოლაჭების წარმოება დაიწყო. დღეისთვის საწარმო ვორონცოვზე მდებარეობს და მეწარმეებმა შეკვეთების მიღება ოფიციალურად მიმდინარე წლის 30 აპრილიდან დაიწყეს. სწორედ ამ დღეს „მისკუზიმ“ თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე სპორტულ კომპლექს „არენას“ ტერიტორიაზე საკუთარი მაღაზია და შოურუმი გახსნა, სადაც მათი პროდუქციაა წარმოდგენილი.

„2020 წელს გრანტის მოპოვების შემდეგ დავიწყეთ ნედლეულის მოკვლევაზე მუშაობა. უსაფრთხო და ეკომეგობრული პროდუქტის შესაქმნელად 15-მდე სატესტო მოდელი შევქმენით. გორგოლაჭების წარმოებისთვის ვეგანური მასალები გამოიყენება, რადგან ცხოველთა დაცვის ინტერესებიდან გამოვდივართ. საწარმომ ოფიციალურად შეკვეთების მიღება 30 აპრილს დაიწყო და თვიურად 100-მდე წყვილი გორგოლაჭის წარმოება შეგვიძლია, რომელთა ღირებულება 450 ლარია. ინტერესი ქართული წარმოების გორგოლაჭების მიმართ დიდია და 10 დღის განმავლობაში 20-მდე წყვილი შევქმენით“, - ამბობს მარიამ ქემოკლიძემ.



აღსანიშნია, რომ „აწარმოე საქართველოს“ 30 000-ლარიანი გრანტის გარდა კომპანიამ ბიზნესის წამოწყებისა და განვითარებისთვის დღემდე ჯამურად 50 000 ლარამდე ინვესტიცია ჩადო. სტარტაპერები აღნიშნავენ, რომ დღეისთვის გორგოლაჭების საჭირო ფეხსაცმელი საქართველოში იწარმოება, თუმცა მაღალი ხარისხის მექანიზმისა და თავად გორგოლაჭების ჩამოტანა უცხოეთიდან ხდება.

„მისკუზის“ დამფუძნებლებს მაღაზიის ამოქმედების გარდა, საქართველოში პირველი გორგოლაჭების დარბაზის გახსნის გეგმა აქვთ. მარიამ ქემოკლიძე ამბობს, რომ ამ იდეის ხორცშესხმისთვის პარტნიორებს 400 000 ლარის ფინანსური რესურსი სჭირდებათ, რომლის მოზიდვაზეც მუშაობა დაწყებული აქვთ.

„დარბაზისთვის საჭირო სივრცე სპორტ-კომპლექსმა „არენამ“ გადმოგვცა, თუმცა მისი მოწყობისთვის ფინანსები გვესაჭიროება. მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის მიმართ ინტერესი რამდენიმე ინვესტორის მხრიდან უკვე არსებობს და ვფიქრობთ, ქვეყანაში გორგოლაჭების პირველი დარბაზის გახსნას მიმდინარე წლის შემოდგომიდან შევძლებთ“, - უთხრა BM.GE-ს „მისკუზის“ თანადამფუძნებელმა.

ამ გეგმის შესრულების შემდეგ პარტნიორები ქართული ეკო-გორგოლაჭების საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანას გეგმავენ.

"ჩვენი ინფორმაციით, ეს პროდუქტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჯერ არ არის, ამიტომ გვინდა, „მისკუზის“ გორგოლაჭები სწორედ ამ ბაზრებზე შევიტანოთ და ჩვენი წარმოება გავაფართოოთ. ვფიქრობთ, ამის შესრულებას, დაახლოებით, 2022 წლის ბოლოსთვის შევძლებთ, რადგან პირველ ეტაპზე ადგილობრივი ბაზრის ათვისება გვინდა“, - აღნიშნა მარიამ ქემოკლიძემ.

და ბოლოს, კითხვაზე - რატომ "მისკუზი" სტარტაპის თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ იტალიაში, ევროტურში ყოფნისას, მაშინ როდესაც პარტნიორები პირველად ეწვივნენ გორგოლაჭების დარბაზს, ყველაზე ბევრჯერ ამ დარბაზში სწორედ ეს სიტყვა ისმოდა, რაც სრიალისას დაჯახებით იყო განპირობებული, აქედან გამომდინარე დამფუძნებლებმა ამ სიტყვისთვის დადებითი მნიშვნელობის შეძენა გადაწყვიტეს და თავის წამოწყებას "მისკუზი" უწოდეს, რაც ქართულად ნიშნავს "ბოდიში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები