BLC Law Office-ის პარტნიორი ქეთევან ქვარცხავა bm.ge-სთან აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმირების მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა, შესაბამისად, ამ მიმართულებით ქვეყანას წინსვლა არ აქვს. მისი განმარტებით, პირველ რიგში საჭიროა, სახელმწიფოს გამოხატული ნება, რომ ქვეყანაში სასამართლოს რეფორმა განხორციელდეს, ამას კი უნდა მოჰყვებოდეს ამ სისტემის მონაწილეების, მოსამართლეების ნებაც, რომ სისტემა შეიცვალოს.
“არ მახსენდება ისეთი ქმედებები სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან იქნებოდა დაკავშირებული. პრობლემები რაც გვქონდა, ამის შესახებ ძალიან ხშირად და ხმამაღლა გვისაუბრია. ყველას ინტერესია, სასამართლო სისტემის რეფორმა და ისეთი სასამართლო სისტემის არსებობა, რომელიც იქნებოდა სანდო და რომლის იმედი ყველას ექნებოდა. უკვე გვიჭირს, ე.წ დასკვნების გაცემა, ე.წ legal opinion-ის გაცემა, იმიტომ რომ იმდენად წინასწარ განუჭვრეტადი გახდა სისტემა, რომ ძალიან რთულია წინასწარ გათვალო, პრაქტიკულად რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამა თუ იმ ქმედებამ.
მოსამართლეების მხრიდან უნდა მოდიოდეს ამის შესახებ განცხადებები, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მოსამართლისგან გვესმის სისტემის კრიტიკა. ჩემი აზრით, მოსამართლეებმა უნდა შეწყვიტონ პროცესის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორიც რუსეთის მოქალაქეებს თავიანთი ხელისუფლების მიმართ აქვთ. მანამდე კი სახელმწიფომ უნდა აღიაროს პრობლების არსებობა, უნდა გამოთქვას პრობლემის გადაჭრის პოლიტიკური ნება და შემდეგ შეიძლება პროცესი დაიძრას, რომელიც მოიაზრებს სისტემის სიღრმისეულ რეფორმირებას”-აცხადებს BLC Law Office-ის პარტნიორი ქეთევან ქვარცხავა.