Qatar Airways-ის აღმასრულებელი დირექტორის ალ ბეკერის განცხადებით, სავარაუდოდ COVID-ვაქცინის მიღება მოგზაურობისთვის აუცილებელი პირობა გახდება, რადგან ინდუსტრია ვაქცინაციის გარეშე კორონავირუსის პანდემიას თავს ვერ დააღწევს და ვერც ფრენები აღდგება. ამის შესახებ CNBC-ი წერს.
ალ ბეკერის განცხადებით, აუცილებელია COVID-პასპორტის შემოღებაც, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა რასაც საერთაშორისო ფრენების მიმართ მომხმარებლების ნდობის აღდგენა შეუძლია.
Qatar Airways-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, COVID-პასპორტების კურირება უნდა ჩაბარდეს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია IATA-ს.
„სრული ნდობა მაქვს, რომ IATA დეტალურად გაეცნობა ინიციატივას და მის ზედმიწევნით შესრულებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ალ ბეკერმა.
Qatar Airways-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ავიაკომპანიის ზარალმა გასულ წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა მიმდინარე სანავიგაციო სეზონზე იმედი გამოთქვა, რომ ავიაკომპანია 1,200-მდე რეისის შესრულებას შეძლებს კვირაში 140-ზე მეტი მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ფრენების უმეტესობა გაზაფხულის სეზონიდან იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ IATA-ს ვარაუდით, ფრენები პანდემიამდელ მდგომარეობას მხოლოდ 2024 წლიდან დაუბრუნდება.