ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას გეგმავს. საუბარია ქობულეთში აღმაშენებლის 274 ნომერში მდებარე პარკის რესტავრაციის პროექტზე.
შესაბამისი ტენდერის ფარგლებში წინადადებების მიღება 14 ივლისს გამოცხადდა და 19 ივლისს დასრულდა. ინტერესი მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს გამოხატული და ესაა კომპანია "მონოლითი-2005". თუმცა ჯერ შედეგები გამოცხადებული არაა და ბუნებრივია, არც ხელშეკრულებაა გაფორმებული.
სატენდერო განაცხადის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 298 000 ლარია. თუმცა პრეტენდენტს შეთავაზებული აქვს 5 177 777 ლარი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მოცეკვავე შადრევნის განახლება, ძაღლების სასეირნო სივრცის მოწყობა, ასევე, ინფრასტრუქტურის, მათ შორის პანდუსების მონტაჟი, სკამების, ფანჩატურის, განათების შეცვლა/დამატება. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია საბავშვო სივრცის რეაბილიტაცია და გაფართოება, ტენისის კორტის და მწვანე ლაბირინთის მოწყობა და სხვა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადა 2023 წლის 20 სექტემბრიდან 360 კალენდარული დღეა.
შეგახსენებთ, აღნიშნული ტენდერი მიმდინარე წლის აპრილშიც გამოცხადდა, თუმცა მაშინ ტენდერი შეწყდა. ერთადერთი პრეტენდენტი მაშინაც კომპანია "მონოლითი-2005" იყო. მაგრამ სადავო გახდა კომპანიის გამოცდილების შესახებ მოთხოვნა. კერძოდ, პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონოდა ერთი ხელშეკრულების (ერთი პროექტის) ფარგლებში არანაკლებ 2 მლნ ლარის სამუშაოები, ხოლო „მონოლითი 2005“-ის მიერ მანამდე შესრულებული სამუშაოები, იმ ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც 2 მლნ ლარს აღემატებოდა, წარმოადგენდა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, თუმცა სხვადასხვა სამ ლოკაციაზე შესრულებულ სამუშაოებს.
კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ ჩანაწერზე და განაცხადა, რომ დამატებითი მოთხოვნა ერთი ხელშეკრულების გარდა, ასევე ერთი პროექტის ფარგლებში ყოფილიყო სამუშაოები შესრულებული, ზღუდავდა კონკურენტულ გარემოს. შესაბამისად მაშინ ტენდერი შეწყდა. ახალგამოცხადებულ ტენდერში კი მოთხოვნების პუნქტი შეცვალეს და გამოცდილებაში „ერთი პროექტის“ ჩანაწერი ამოიღეს. ამგვარად, ახალ ტენდერში პრეტენდენტს ევალება შესრულებული ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის, კერძოდ არანაკლებ 10 000 000 ლარის ღირებულების პარკის ან/და სკვერის ან/და ბულვარის ან/და მოსასვენებელი სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები. მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანანკლებ 2 000 000 ლარის სამუშაოები.
ცნობისთვის, კომპანია "მონოლითი-2005" 2005 წელს არის დაფუძნებული. დირექტორი და მთავარი პარტნიორი (50%) მფლობელი არის მერაბ დოლიძე. კომპანიას 2021 წელს 3.3 მლნ შემოსავალი ჰქონდა.