მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონების გადასახადის ჩამოწერით ტურიზმის სექტორი 39 მლნ ლარის შეღავათს მიიღებს

626f7251cda62
ნინო ტაბატაძე
02.05.22 23:00
957
საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული განხილვა პარლამენტში ამ კვირიდან იწყება.

2021 წლის ქონების გადასახადი სრულად ჩამოეწერათ სასტუმროებს, განთავსების, კვებისა და სასმელების ობიექტებს, ასევე ტურ-ოპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს. საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, ის ტურისტულ საქმიანობაში გამოიყენება. შეღავათი არ ვრცელდება მიწის გადასახადზე.

ქონება, რომელზეც შეღავათი გავრცელდება ჯამში 3 921 808 580 ლარად არის შეფასებული.

2021 წელს ქონების გადასახადზე გავრცელებული შეღავათით 2044 გადამხდელი ისარგებლებს. ჩამოსაწერი თანხაა 34.808 მლნ ლარი. პროექტი ითვალისწინებს შეღავათის 2022 წელს გავრცელების შემთხვევას. დამატებით საპროგნოზო განთავისუფლებული ქონების ღირებულება 440 997 069 მლნ იქნება. ამ შემთხვევაში შეღავათი დამატებით გავრცელდება 1036 სუბიექტზე, ჩამოიწერება 4.409 მლნ ლარი.

საპროგნოზო შეღავათების გადანაწილებას რაიონების მიხედვით/ TOP -5 რეგიონი

• თბილისი – 17.7 მლნ ლარი
• ბათუმი - 9.7 მლნ ლარი
• თელავი - 2.08 მლნ ლარი
• ქობულეთი - 1.27 მლნ ლარი
• ბორჯომი - 1 მლნ ლარი

„შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელების მიმართ 2022 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილია აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები და აღნიშნული საგადასახადო ვალდებულებების გათვალისწინებით ხდება საურავების დარიცხვა. ზემოაღნიშნული მძიმე ტვირთად აწვება იმ გადასახადის გადამხდელებს, რომლებზეც ეკონომიკურ საქმიანობაში ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია პროექტით დადგენილი საგადასახადო შეღავათის გავრცელება. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმოდგენილი კანონპროექტის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიღება, რათა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს მიეცეთ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, ტურისტული სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადის ჩამოწერის შესახებ მთავრობამ გადაწყვეტილება 4 აპრილს მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები