თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების რეგისტრაცია-მონიტორინგს დღეიდან ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს - ამას პარლამენტის მიერ გასულ წელს მიღებული კანონი ითვალისწინებს.
საქართველოში ყოველწლიურად ქონებრივ დეკლარაციას 7 ათასამდე თანამდებობის პირი წარადგენდა, მათ შორის მინისტრები, პრემიერ-მინისტრი, დეპუტატები, სამინისტროების დეპარტამენტების უფროსები და მოადგილეები, საკრებულოს წევრები, მარეგულირებელი ორგანიზაციების თანამდებობის პირები, სახელმწიფო კომპანიების მენეჯმენტში მყოფი პირები და სხვები.
ამ დრომდე ქონებრივი დეკლარაციების შეგროვების და მათი მონიტორინგის და გამოვლენილი დარღვებების შემთხვევაში პირთა დასანქცირების ვალდებულება კანონით საჯარო სამსახურის ბიუროს ჰქონდა მინიჭებული, რომელიც დეკლარაციების გამჭვირვალობის პორტალ declaration.gov.ge-ის მართავდა.
დღეიდან ანტიკორუფციულ ბიუროს კიდევ ერთი ვალდებულება ემატება, რაც პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგს გულისხმობს. ამ ვალდებულებას წარსულში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელდებდა.
ანტიკორუფციულ ბიუროს ამჟამად რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია 2022 წლის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით შეიქმნა. მისი დაფუძნება ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციებით იყო განპირობებული.
აღნიშნულ ორგანიზაციას ჯერჯერობით საკუთარი ვებგვერდი არ გააჩნია.