მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქორწილში ათ კაცზე მეტის დასწრება კვლავ აკრძალულია - შრომის ინსპექციის განმარტება

60c1e54343a7c
ვიქტორია მღებრიშვილი
10.06.21 14:25
1980
შრომის ინსპექციის სამსახური ქორწინების საზეიმო ცერემონიების ჩატარებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს, რომლშიც აღნიშნულია, რომ საზოგადოებამ ქორწინების ხელისმოწერის სერვისის ჩატარების ნებართვა სოციალურ ღონისძიებასთან გააიგივა. უწყებაში განმარტავენ, რომ ქორწილის დროს სოციალური ღონისძიების გამართვა ფიზიკური პირის შემთხვევაში - 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 10 000 ლარით ჯარიმდება.

„როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა. საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული დაშვება სოციალური ღონისძიების ერთ-ერთი ნაირსახეობის - ქორწილის გადახდის ნებართვად მიიღო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ხაზგასმით იყო განმარტებული ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარებისთვის განსაზღვრული რეკომენდაციები. კერძოდ, ქორწინების მსურველებისა და მათი თანმხლები პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 პირს, ასევე, სარეგისტრაციო სივრცეში თითოეული მათგანი წარმოდგენილი უნდა იყოს პირბადით. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილმა არასწორად აღიქვა რეგულაციის შემსუბუქება და ის სოციალური ღონისძიების - ქორწინების საზეიმო ცერემონიის ნებართვასთან გააიგივა. შესაბამისად, შრომის ინსპექციის სამსახური კიდევ ერთხელ განუმარტავს მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას.

გაცნობებთ, რომ ქვეყანაში მოქმედიო შეზღუდვების მიხედვით, სოციალური ღონისძიებები დაშვებულია მხოლოდ 10 პირის მონაწილეობით, ხოლო კანონდამრღვევებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარის, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

შრომის ინსპექციის სამსახური, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, აგრძელებს მონიტორინგს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე და მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვან დადგენილი წესები“, - ნათქვამია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები