მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქრისტიანობა უნივერსალური სოლიდარობაა, სადაც სიყვარული ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობის გაზიარებაა

5e774afa628ae
თენგიზ ვერულავა, მედიცინის დოქტორი, პროფესორი
22.03.20 15:23
2006
ინფექციური დაავადებები არის გადამდები დაავადებები, მათ გადამტანმა ვირუსმა და ბაქტერიამ არ იცის არანაირი რელიგია, რწმენა და ეკლესია, მორწმუნე თუ ურწმუნო.

ვინც საუბრობს, რომ მორწმუნის ზიარებაზე წასვლა მისი არჩევანია და არ უნდა შეიზღუდოს ეს არჩევანი, მათ ავიწყდებათ, რომ ინფექციური, გადამდები დაავადებები არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ინდივიდუალური, კერძო დაავადება (რომ მხოლოდ მას დაემართება), არამედ მასობრივი, გადამდები დაავადებაა, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს ყველას და უპირველესად იმ ადამიანთა მიმართ, ვისაც კორონავირუსით დასნებოვნების ყველაზე მაღალი რისკი აქვთ: ხანდაზმულები, ქრონიკული ავადმყოფები, ღარიბები... ქრისტიანობა ხომ უნივერსალური სოლიდარობაა, სადაც სიყვარული ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობის გაზიარებაა.

ფაქტები ამტკიცებენ, რომ სამხრეთ კორეაში ვირუსით დაავადების ნახევარზე მეტი შემთხვევა დაკავშირებულია ქალაქ დაეგუში შინჩენონჯის ეკლესიაში შეკრებილ ადამიანებთან.

ასეთი საეკლესიო შეკრებების შედეგად კორონავირუსის გადაცემის გარდაუვალი საფრთხის გამო, რომის პაპმა განაცხადა, რომ ვატიკანში ყველა სააღდგომო ღვთისმსახურება და რიტუალი მორწმუნეების გარეშე გაიმართება. იტალიელმა ეპისკოპოსებმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო ეკლესიებში მესების ჩატარება აკრძალეს.

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ ეკლესიებში ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება შეწყვიტა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანებამ მლოცველებს მოუწოდა თავი შეიკავონ პარასკევისა და სხვა ლოცვების ჯამაათით შესრულებისგან მეჩეთებში. პარასკევის ლოცვის ნაცვლად პიროვნება ინდივიდუალურად შეასრულებს შუადღის ლოცვას საკუთარ სახლში.

საუდის არაბეთმა მექაში პილიგრიმების ჩასვლა აკრძალა.

ირანში გაუქმდა პარასკევის ლოცვები.

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უნდა გაითვალისწინოს ის საშიშროება, რაც შეიძლება მოყვეს ადამიანთა შეკრებების შედეგად ინფექციის გადაცემას.

მსოფლიოში გამოცხადდა პანდემია. უმდიდრეს ქვეყნებშიც, რომელთაც ჩვენზე გაცილებით უკეთესი ჯანდაცვის სისტემა და ინფრასტრუქტურა აქვთ, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ჰყავთ, ათასობით მსხვერპლია. ჩვენი მწირი რესურსებით ძალიან გაგვიჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები