საქართველოს მთავრობა 100-ზე მეტი კურორტის პოტენციალის შესწავლის შემდეგ მათ გასაყიდად გამოიტანს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„საქართველოში 300-მდე კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი არ ფუნქციონირებს“ - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ მთავრობის ამოცანა აღნიშნული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებაა.
მისივე თქმით, მთავრობამ ბიუჯეტში მინიმუმ 200 მილიონი ლარი ჩადო, რომლითაც ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილების სრული რეაბილიტაცია-განახლება იგეგმება.
"ჩვენი გადაწყვეტილებით, 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა იქნა შესწავლილი, განვითარების პოტენციალი დამუშავდა. სულ ჯამში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს. ეს დიდი პოტენციალია. ჩვენი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ აღნიშნული პოტენციალი. უფრო დეტალურად, რამდენიმე ხანში გვექნება ცალკე პრეზენტაცია, უნდა გამოვიტანოთ გასაყიდად აღნიშნული კურორტები, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტები. მანამდე გეტყვით, რომ ჩვენ ბიუჯეტში მინიმუმ 200 მილიონი ლარი ჩავდეთ, დავიწყებთ ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილების სრულ რეაბილიტაცია-განახლებას - ბორჯომი, ბაკურიანი, ყაზბეგი, მესტია, წყალტუბო, ბათუმი, ქუთაისი, ასევე ვგეგმავთ მცხეთაში და ვაპირებთ ბარისახო- როშკას მიმართულებით, მანგლისი-სიონის მიმართულებით და ომალოს მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილს მიმართა და აღნიშნა: „ჩვენ ალბათ ცალკე გავაკეთოთ პრეზენტაცია, მოვიწვიოთ ბიზნესის წარმომადგენლები, საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, თუ რას ვგეგმავთ ამ მიმართულებით“.