მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"3 თვეში 112 რეისი შევასრულეთ" - Easy Charter-ის გეგმები

5f7193d809299
ლიკა გურაბანიძე
28.09.20 16:29
1567
"ვხედავთ, რომ სამგზავრო თვითმფრინავების 70% ჯერ კიდევ მიწაზეა და ეს რიცხვი აპრილ-ივნისში 90%-95% იყო. ამის პარალელურად, განსხვავებული მდგომარეობაა სატვირთო თვითმფრინავების კუთხით. მათი 100% დაკავებულია და ჩვენ სამ თვეში 112 რეისი შევასრულეთ", - განაცხადა “საქმიან დილაში” ახლადშექმნილი სატვირთო ავიაკომპანია Easy Charter-ის დირექტორმა რატი ძერიამ.

მისი თქმით, ავიაკომპანიის სერტიფიცირება პანდემიის პერიოდში მოხდა, რაც მარტივი პროცესი არ იყო. 

“თავდაპირველად დროის სხვადასხვა მონაკვეთში ნაქირავები თვითმფრინავებით დავფრინავდით. ახლა უკვე ბაზარზე საკუთარი თვითმფრინავით ვართ წარმოდგენილები, რომელიც მექსიკაში შევიძინეთ. თებერვლის დასაწყისში თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა და ავიაკომპანიის სერტიფიცირების პროცესი დავიწყეთ. როდესაც ავიაკომპანიის შექმნა გადავწყვიტეთ, მაშინ ჯერ პანდემია არ იყო, თუმცა მისი სერტიფიცირების პროცესს მკაცრი კარანტინის პირობებში გავდიოდით", - აღნიშნა ძერიამ.

რატი ძერიას განმარტებითვე, საქართველოს ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნის პოტენციალი აქვს.

"პოტენციალი არსებობს, თუმცა ამისთვის აეროპორტების გარდა, დამატებითი კომბინირებული საკვანძო სისტემა უნდა შეიქმნას, რა მხრივაც დიდი პოტენციალი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს", - განაცხადა “საქმიან დილაში” ძერიამ.

კომპანია მომავალ წელს დამატებით კიდევ ერთი სატვირთო თვითმფრინავის შეძენას გეგმავს.

ქართული ინვესტიციით 2020 წლის 2 ივნისს შექმნილ სატვირთო ავიაკომპანიაში ამ ეტაპზე 28 თანამშრომელია დასაქმებული. სატვირთო დანიშნულების ავიაკომპანია რეისებს ავღანეთში, ერაყში, საუდის არაბეთში, ქუვეითში და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში ასრულებს, სადაც საერთაშორისო მისიებს ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები