მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე მოქალაქეებს ვეპატიჟებით საქართველოში" – გიორგი გახარია

5f476f2a4f34e
თამთა ჯიჯავაძე
27.08.20 12:30
1314
„95 ქვეყნის, გლობალურ კომპანიებში, დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს ვეპატიჟებით საქართველოში და ვთავაზობთ მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები“, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, სხდომაზე მთავრობა დღეს ამ საკითხზე იმსჯელებს, რის შემდეგაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ გააკეთებს განმარტებებს.

„ძალიან კარგი წამოწყება აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომელსაც ჰქვია „იმუშავე საქართველოდან“. გლობალური პანდემიის პირობებში სულ უფრო მეტი როგორც ტრანსნაციონალური კორპორაციები, ასევე, გლობალური კომპანიები გადადიან დისტანციურ მუშაობაზე და ფაქტობრივად, ადამიანების გეოგრაფიულ მდებარეობას არ აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ მათ დისტანციურად განახორციელონ თავისი უფლება-მოვალეობები.

ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ 95 ქვეყანას პროგრამას – „იმუშავე საქართველოდან“, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვახერხებთ ვირუსის მართვის მიღწევები დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ტურისტული სექტორისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ, პირველ რიგში, საქართველოში მათი ყოფნა იყოს უსაფრთხო და კომფორტული.

გარდა ამისა, გახარიამ აღნიშნა, რომ პროგრამა – „იმუშავე საქართველოდან“ უკვე ჩატვირთულია stopgov.ge-ზე და სარგებლობა ყველას შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები