მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდანვეა საჭირო" - თამარ სანიკიძე განათლების რეფორმაზე

61929b6408788
თამთა ჯიჯავაძე
15.11.21 23:00
1132
საქართველოს განათლების რეფორმირებაში 103 მილიონი დოლარის ოდენობის თანხის ჩადება იგეგმება. პროექტს საქართველოს განათლების სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად ახორციელებს. მისი მიზანია, ადამიანური კაპიტალის განვითარება, რომელიც განათლების ყველა დონეზე ცვლილებებით მიღწევადია, იგულისხმება როგორც სკოლამდელი, ასევე საშუალო და უმაღლესი განათლება.

როგორც „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხის" პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ „საქმის კურსში“ ისაუბრა, ადამიანური კაპიტალის განვითარებას ზრუნვა ადრეული ასაკიდანვე სჭირდება, ამიტომაც პროექტის ფარგლებში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებაა გათვალისწინებული.

„სკოლამდელ განათლებაში სამინისტროს გარდა, ჩართულია ბევრი სხვა უწყება. ხარჯებს თვითმმართველობა ფარავს და მართვაზეც ძირითადი პასუხისმგებლობა ენიჭება. რამდენიმე აქტორის ერთიანად მუშაობა, დღეს სამწუხაროდ ვერ ხორციელდება, მაგალითად იმის გამო, რომ ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები არაა დახვეწილი და კარგად არ გვეუბნება რომელი მხარის ჩართულობით, რა შედეგი უნდა მივაღწიოთ. მაგალითად ანგარიშგების სისტემა, ერთიანი ბაზები, ბაღის აღმზრდელებისა და პედაგოგების სერტიფიცირება და პროფესიული განვითარება, რომელიც კონტექსტიდან საერთოდ ამოვარდნილი იყო. ეს სკოლამდელი განათლების ნაწილში ჩვენი ძირითადი სამუშაოა“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ამჟამად ამ სექტორის დიაგნოსტიკა მიმდინარეობს. გარდა ამისა, თამარ სანიკიძის განცხადებით, სასკოლო განათლების დონეზეც მნიშვნელოვანი აქტივობებია განსაზღვრული.

“ეს ეხება ეროვნული შეფასების სისტემის აწყობას, სკოლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამართვას, ამ მიმართულებით სამინისტრო მუშაობს, თუმცა, ახლა ძალიან კარგი მომენტია, რომ მივაშველოთ საერთაშორისო გამოცდილება, რათა ეს ღონისძიებები სწორად დაიგეგმოს. საუბარია მასწავლებლების პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვაზე, ასევე უმაღლესი განათლების დონეზე ჩვენ ისეთი ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი, რაც მჭიდროდ კავშირშია ზოგად განათლებასთან. ვგულისხმობ მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების გადახედვა-დახვეწას. ღონისძიებები ისეა აწყობილი, რომ ურთიერთბმები კარგადაა დანახული“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები