მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აიტექნიკი", "შუაგული", უძრავი ქონება - რას ფლობენ სანქცირებული მოსამართლეები?

642e91cc3ab4d
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.23 13:39
1703
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განმარტებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში დანაშაულების, მათ შორის კორუფციული საქმეების გამოძიება საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივას წარმოადგენს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ “ისინი არ ცნობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ბოლომდე უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები - ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის სახელმწიფო.”

ერთ-ერთმა სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ მას კანონი არასოდეს დაურღვევია, ამასთან აშშ-ში არც ბაბუამისი დადიოდა და ამით არაფერი დაკლებია.

რა ქონებას ფლობენ სანქცირებული მოსამართლეები:

ლევან მურისიძე:

შემოსავალი - 72,681 ლარი, ხელფასი (2021 წელს)

ქონება - ბინა, ჯანაშიას ქუჩა, 100 კვადრატული მეტრი, შესყიდვის წელი 2009, ფასი 40,000 USD;
ქონება - ავტოფარეხი, ჯანაშიას ქუჩა, 8 კვადრატული მეტრი, შესყიდვის წელი 2015, ფასი 5000 USD;
ქონება - მიწის ნაკვეთი, ძეგვი 1000 კვადრატული მეტრი, შესყიდვის წელი 2019, ფასი 10,500 USD;
ქონება - ავტომობილი მერსედეს-ბენცი, შესყიდვის წელი 2020, 102,420 USD;
ქონება - ნაღდი ფული 6000 USD;

გასავალი - 10,000 USD, რაც 2018 წელს გაფორმებული ზეპირი სასესხო ხელშეკრულებით არის განპირობებული, სესხის თანხა 40,000 USD.

ლევან მურუსიძეს სხვა პირი საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ ჰყავს.

მიხეილ ჩინძალაძე:

შემოსავალი - 84,098 ლარი, ხელფასი (2021 წელს)
შემოსავალი (მეუღლე) მარიკა მარიკაშვილი - კონსულტანტი, შპს “მეამა” 5,880 ლარი;
შემოსავალი (მამა) თამაზ ჩინჩალაძე - კონსულტანტი, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, 16,200 ლარი;

ქონება - ბინა, ბახტრიონის ქუჩა, 146 კვადრატული მეტრი, ჩუქება, 2006 წელი;
ქონება (დედა) რუსუდან სამხარაძე - მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამო, 581 კვ. მეტრი, ყიდვა 2018 წელს, ფასი 30,000 GEL;
ქონება (დედა) რუსუდან სამხარაძე - მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამო, 1,500 კვ. მეტრი, ყიდვა 2006 წელს, ფასი 43,365 GEL;
ქონება (მამა) თამაზ ჩინჩალაძე - ავტომობილი Hyundai ix35, ფასი 12,500 USD, 2015 წელს;

ქონება (მეუღლე) მარიკა მარიკაშვილი - ნაღდი ფული 19,500 USD;

გასავალი - 12,264 USD, რაც 2009 წელს აღებულ 100,000 USD-ის სესხს უკავშირდება.

მიხეილ ჩინჩალაძე დეკლარაციაში მის მშობლებს, მეუღლეს და ოთხ შვილს მოიხსენიებს.

ირაკლი შენგელია:

შემოსავალი - 81,421 ლარი (სააპელაციო სასამართლოდან), 5,613 ლარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან (2021 წელს);
შემოსავალი (მეუღლე) ლანა თევზაძე - მთავარი სპეციალისტი, სსიპ-საერთო სასამართლოების დეპარტამენტი - 18,998 ლარი;
ქონება - ბინა, თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი, 117 კვადრატული მეტრი, შესყიდვის წელი 2017, ფასი 108,000 ლარი;
ქონება - ბინა, თბილისი, ბერბუკის ქუჩა, 169 კვადრატული მეტრი, შესყიდვის წელი 2018, ფასი 90,000 USD;
ქონება - დანაზოგი 5,000 USD;
ქონება - დანაზოგი (ლინა თევზაძე) - 4,000 USD, ავტომობილის გასხვისებით მიღებული შემოსავალი.

გასავალი - 6000 USD, 2019 წელს ფიზიკურ პირთან გაფორმებული სესხი მოცულობით 15000 USD;

ვალერიან ცერცვაძე:

ვალერიან ცერცვაძემ უკანასკნელი დეკლარაცია 2018 წელს ჩააბარა, რაც 2017 წელს მის შემოსავლებს ასახავდა:

შემოსავალი - 72,009 ლარი, თბილისის სააპელაციო სასამართლო;

ქონება - საცხოვრებელი სახლი, 80,000 USD, სოფელი დიღომი, ანდრონიკაშვილის ქ. 225 კვადრატული მეტრი, წელი 2013;
ქონება - მიწის ნაკვეთი, 55,000 USD, თბილისი, სოფ. დიღომი, ანდრონიკაშვილის ქ., 2500 კვ.მ, წელი 2011;
ქონება - მიწის ნაკვეთი, 8000 USD, ბორჯომის რაიონი , სოფ.სადგერი, 972 კვ.მ, 2009 წელი (70% ქონების);
ქონება (მეუღლე) გვანცა მიქუჭაძე - ონის რაიონი, სოფ. ჟაშქვა, 600 კვ.მ, 2011 წელი.
ქონება - ავტომობილი, ssangyong kyron, 15500 USD.

რაც შეეხება მის ქონებას, ბიზნეს რეესტრის მონაცემებით:

ვალერიან ცერცვაძის მეუღლე, გვანცა მიქუჭაძე არის კომპანია “აიტექნიკის” დამფუძნებელი. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, მისი გაყიდვები 2021 წელს 26.7 მილიონი ლარი იყო, ხოლო წმინდა მოგება 1.36 მილიონი ლარი იყო.

ვალერიან ცერცვაძეს ეკუთვნის 2021 წელს დაფუძნებული შპს გრინ სფეის შუაგულის 50% წილი. ასევე გვანცა მიქუჭაძეს ეკუთვნის შპს მისთორის 70%-იანი წილი და სითი გარდენის 100%-იანი წილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები