ხილის გადამამუშავებელი საწარმო „აჩინებული“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. როგორც bm.ge-ისთან საუბარში „აჩინებულის“ გენერალური დირექტორი გოჩა ღვინეფაძე აცხადებს, წლის ბოლომდე „ალალის“ წვენებს ალუბლის, ბროწეულის და პომიდვრის სახეობებიც დაემატება.
"თავიდანვე ბაზარზე განსაკუთრებული ნიშის დაჭერა გვსურდა. “ალალის“ წვენები არის ქართული ხილისგან დამზადებული პროდუქტი. ის გემოები, რაც ხილს აქვს, ჩვენს წვენებში ერთი ერთშია გადასული. ერთ გრამ წყალს არ ვურევთ. ეს არის 100%-ით ცივად გამოწურული, შემდეგ კი პასტერიზაციით ჩამოსხმული. ჩათვალეთ, რომ 1 ლიტრი „ალალის“ წვენის დალევისას 2 კილოგრამ ხილს მიირთმევთ”, - ამბობს გოჩა ღვინეფაძე.
„აჩინებულის“ პროდუქცია, რომელიც „ალალის“ ბრენდის ქვეშ იწარმოება, ბაზარზე თავდაპირველად სამი სახეობის ნატურალური წვენით იყო წარმოდგენილი - ატამი, ყურძენი და ვაშლი; შემდეგ კი, მას ქართული ციტრუსის და მაყვლის წვენებიც დაემატა.
„ალალის“ წვენები საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და ფასები 4,5 ლარიდან 7 ლარამდე მერყეობს. „ჩვენ ვერც კორონავირუსმა შეგვაფერხა; მარტში ექსპორტზეც გავედით აშშ-ში, კერძოდ, ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში. ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ლიეტუვა, ბელორუსია, ჩეხეთი, საბერძნეთი და ისრაელი”, - აღნიშნა გოჩა ღვინეფაძემ.
ხილის გადამამუშავებელი საწარმო „აჩინებული“ ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ქარხანაა. საწარმომ ბაზარზე ოპერირება 2019 წელს დაიწყო და წლის განმავლობაში 400 ტონა ხილი გადაამუშავა. მასში განხორციელებული პირველადი ინვესტიცია 2 მილიონ 700 ათას ლარს შეადგენს.