რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პრემიერის ინიციატივით დაწყებული 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, 63 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და ბევრგან უკვე სრულდება ურბანული განახლების სამუშაოები.
პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები 500 მილიონი ლარით განისაზღვრა და გრძელდება მეორე ფაზის განვითარებაც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 300 მილიონ ლარამდე სამუშაოები.
მინისტრმა ურბანული განახლების სხვა პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები ველისციხის და დუშეთის მე-19-მე-20 საუკუნის ისტორიული სახლების რეაბილიტაციის მეორე ფაზის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დუშეთის ცენტრალური ნაწილი იქნება სრულად განახლებული.
„ეს პროექტები, ახალი მიზიდულობის ცენტრს შექმნის რეგიონში. ეს არის იმ კარგი მაგალითების გაგრძელება, როგორიცაა სოფელი დართლოს, აბასთუმნის ისტორიული სახლების, ასურეთის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროექტები და სხვა. ცხადდება მესტიაში ლაღამის უბნის ურბანული განახლების ტენდერი და ამ მიმართულებით კიდევ ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს,“ - განაცხადა ქარსელაძემ.
მისივე თქმით, ზუგდიდის ცენტრალური მოედნისა და ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის განახლებასთან ერთად, ზუგდიდში აშენდება ზვიად გამსახურდიას ბიბლიოთეკა სამკითხველო დარბაზით, არქივით, საგამოფენო და საინფორმაციო სივრცეებით.