„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც 2020 წელს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო, საქართველოში მოქმედ 85-მდე საწარმოს ავალდებულებს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებები აღრიცხოს და დანერგოს თვითმონიტორინგის სისტემები, რაც სოლიდურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. კერძო სექტორი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ ვადაში, ანუ 1 ივნისამდე ახალი მოთხოვნებისთვის მოსამზადებლად მზად არ არის და რეგულაციის ამოქმედების 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადებას ითხოვს.
„სახელმწიფო რიგ საწარმოებს ავალდებულებს ჰქონდეს სათანადო ფილტრები და მონიტორინგის სისტემა. კომპრომისებზე, ამ ეტაპზე, საუბარი არაა“,- აცხადებს თემის კომენტირებისას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გადაცემა "ქალების ნარატივში“
მისივე თქმით, სამინისტროს ბიზნესთან არაერთი შეხვედრა ჰქონდა, მათთან ერთად საკითხის განხილვა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დაიწყეს, იანვარში კი, კერძო სექტორის წარმომადგენლებს იმ ნივთიერებათა ჩამონათვალიც მიეწოდათ, რომლებზეც მონიტორინგი მოუწევთ.
„ეს მოიცავს კონკრეტულ სექტორებს, როგორებიცაა: სამშენებლო მასალების წარმოება, მძიმე მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა ანუ ისეთი მსხვილი მიმართულებები, რომელთა საქმიანობაზეც ვთანხმდებით, რომ გარემოზე ზემოქმედებას იწვევს. ბიზნესმა უნდა გაიაზროს, რომ რაც ნაკლები დარღვევა ექნება მას საწარმოო პროცესის შედეგად, სახელმწიფოს მხრიდან ნაკლებად გატარდება კონტროლის ღონისძიება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.