მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ კანონით რუსეთმა სამოქალაქო საზოგადოება გააჩუმა"- დეგნანი უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტზე

63fc94e0946df
შოთა ტყეშელაშვილი
27.02.23 15:44
843
“როდესაც შეხედავთ, თუ რა ხდება ამჟამად რუსეთში, დაინახავთ, რომ ეს კანონი იყო ძალიან ეფექტური სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისთვის,”- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. მისი თქმით, საქართველომ მრავალი წელი დახარჯა სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე, ხოლო ამ კანონის მიღებით ამ მიღწეულ შედეგებს ძირი შეიძლება გამოეთხაროს.

კელი დეგნანი საქართველოს მოუწოდებს გაითვალისწინონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა პარტნიორების რეკომენდაციები და უარი ითქვას ამ კანონის მიღებაზე.

“ითქვა, რომ ეს გამჭვირვალობისთვის კეთდება, მაშინ როდესაც არსებობს საკმაოდ დიდი გამჭვირვალობა ამ მიმართულებით და საკმაოდ გამჭვირვალეა ის, თუ როგორ იხარჯება საქართველოსთვის გამოყოფილი საერთაშორისო მხარდაჭერა. ეს კანონპროექტი რადიკალურად განსხვავდება აშშ-ში არსებული კანონისგან, ეს კანონი არის მიმართული იქითკენ, რომ ხელი შეუშალოს იმ ქართველებს, რომლებიც სხვა ქართველებს ეხმარებიან, მათ საზოგადოებებს ეხმარებიან. იქნება ეს გარემოსდაცვითი მიმართულება, ბიზნესასოციაციები, ახალგაზრდები თუ შშმ პირები, ადამიანები, ვინც მოქალაქეებს იურიდიულ დახმარებას უწევენ და კიდევ სხვები.

ეს კანონპროექტი ცალსახად რუსული კანონის ხაზს მიჰყვება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებისთვის, განსხვავებული ხმების ჩახშობისკენ არის მიმართული. როდესაც შეხედავთ თუ რა ხდება ამჟამად რუსეთში, დაინახავთ რომ ეს კანონი იყო ძალიან ეფექტური სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისთვის.

საქართველომ საკმაოდ ბევრი იბრძოლა მისი სამოქალაქო თავისუფლებების დაცვისთვის, მისი დემოკრატიის განვითარებისთვის. ეს კანონი ამ შედეგებს ძირს გამოუთხრის, რის მშენებლობასაც ძალიან ბევრი წელი დასჭირდა.

თქვენ ისმენთ შეშფოთებებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან, ევროკავშირისგან. ისმენთ შეშფოთებას საქართველოს არაერთი ახლო მეგობრისგან, მათგან ვინც თქვენს ქვეყანაში 30 წელზე მეტია საქმიანობს, იმისთვის რათა ქვეყნის ინსტიტუტების განმტკიცებას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას შეუწყოს ხელი. ეს არის მიზეზი, რის გამოც ისინი გამოთქვამენ შეშფოთებას და გავმეორდები, საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი,” - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტში, ქართული ოცნების პარტნიორმა პარტიამ “ხალხის ძალამ” დაარეგისტრირა უცხოური გავლენის აგენტების კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც პირველი ვერსიისგან განსხვავებით უფრო ფართო რეგულირებას აწესებს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები