მურაბებისა და ჯემების საწარმო „ჟოლი“ აშშ-ში ექსპორტისთვის ემზადება. ამ ეტაპისთვის კომპანიამ აშშ-iს ბაზარზე ნიმუშები გაგზავნა და მას შემდეგ, რაც „ჟოლი“ ახალ საწარმოს აამოქმედებს, წარმადობის მოცულობა კი დღეში 2 000 ერთეული პროდუქტი იქნება, პროდუქციის 80% სწორედ ამერიკაში გაიყიდება.
„ჟოლის“ დამფუძნებელი გურამ სუხაშვილი bm.ge-სთან ამბობს, რომ კონტაქტები სადისტრიბუციო კომპანიებთან, რესტორნებისა და მაღაზიების მფლობელებთან დაამყარეს, წარმოების გაზრდის შემდეგ კი „ჟოლი“ მოლაპარაკებების დაწყებას მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიან ამერიკულ სუპერმარკეტების ქსელ Walmart-თან გეგმავს.
„სექტემბრიდან საწარმოს მშენებლობას დავიწყებთ და მთლიანი წარმოების 80%-ს ამერიკის ბაზარზე გავიტანთ. კონტაქტები სადისტრიბუციო კომპანიებთან, რესტორნებისა და მაღაზიების მფლობელებთან დავამყარეთ. მათ შორის ჩვენს გეგმებში ამერიკული სუპერმარკეტების ქსელ Walmart-თან მოლაპარაკებების დაწყებაც შედის, წარმოების გაზრდის შემდგომ ამაზე ვიმუშავებთ.
რაც შეეხება ჩვენს პირველ ექსპორტს, ამერიკაში ჟოლოს ჯემებისა და მურაბების ნიმუშები გავაგზავნეთ, ხარისხით კმაყოფილები დარჩნენ. სამომავლოდ სხვა სახეობებსაც გავაგზავნით“, - აღნიშნავს „ჟოლის“ დამფუძნებელი.
ცნობისთვის: კომპანიის ჟოლოს ბაღები კასპში მდებარეობს. „ჟოლის“ პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით მზადდება.