მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აქსესუარები ექსკლუზიური ტექნოლოგიით მზადდება და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს" - NINUTSA

64145da44fd05
სალომე ხიდურელი
19.03.23 20:09
1116
აქსესუარების ქართული ბრენდი NINUTSA, რომელიც 10 წელია ბუნებრივი ქვებისაგან, მინერალებისგან, მდინარისა და ოკეანის კულტივირებული მარგალიტებისა და ნატურალური ტყავისგან სხვადასხვა ხაზის სამკაულებს ქმნის, სარეალიზაციო სივრცის გასახსნელად ემზადება.

ბრენდის სამომავლო გეგმებზე საუბრისას მისმა დამფუძნებელმა და დიზაინერმა ნინუცა დავლიანიძემ BM.GE-სთან თქვა, რომ პანდემიის პერიოდში დახურული სტენდების გახსნა ისევ იგეგმება.

„ამ ეტაპზე სრულიად ონლაინ ვმუშაობთ, შეკვეთებს კურიერით ვარიგებთ ან მომხმარებლებს სახელოსნოდან გატანის სერვისს ვთავაზობთ. პანდემიამდე გვქონდა ჩვენი სტენდები, რომლებიც დავხურეთ, რადგან მათთვის საჭირო რაოდენობის აქსესუარებს, მათი კომპლექსურობიდან გამომდინარე, ვერ ვაწარმოებდით. სამომავლოდ იგეგმება, რომ სარეალიზაციო სივრცეები ისევ გავხსნათ და უახლოეს მომავალში ჩვენი ბრენდის ვებსაიტსაც ჩავუშვებთ“, - აცხადებს ნინუცა დავლიანიძე.

მისი თქმით, საქართველო არ არის ერთადერთი ბაზარი, სადაც NINUTSA-ს აქსესუარების რეალიზება ხდება. როგორც დიზაინერი BM.GE-სთან ხსნის, ბრენდი საექსპორტო არეალის გაფართოვებასაც აპირებს.

„ნიუ-იორკში, ბრუკლინის ერთ-ერთ ცნობილ სალონში გვაქვს სტენდი, სადაც ჩვენი აქსესურებია წარმოდგენილი. ასევე გავდივართ აზერბაიჯანშიც, ამერიკის სხვა შტატებში, რუსეთშიც. შეკვეთები უკრაინიდანაც გვქონდა. რა თქმა უნდა, საექსპორტო მიმართულებების გაზრდა იგეგმება“, - ამბობს დავლიანიძე.

კითხვაზე, - რა სირთულეებთანაა დაკავშირებული დიზაინერისთვის აქსესუარების წარმოება, NINUTSA-ს დამფუძნებელი განმარტავს, რომ სპეციალური ტექნოლოგიით სამკაულების დამზადებას დროის დიდი რესურსი სჭირდება.

„ჩვენი აქსესუარები ექსკლუზიური ტექნოლოგიით მზადდება, რომელიც ჩემი ბრენდისთვის შევქმენი და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პროდუქცია რთული დასამზადებელია და ჩემგან ძალიან დიდ ჩართულობას მოითხოვს. შეკვეთა ბევრი გვაქვს, მათ დასამზადებლად დრო კი - ცოტა“, - ამბობს დიზაინერი.

NINUTSA-ს აქსესუარების შეძენა მათი სოციალური ქსელებიდან შეგიძლიათ, სამკაულის ფასი კი 35-დან იწყება და 300 ლარს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები