მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ განვიხილავდით, რომ ომს ეკონომიკის ზრდისთვის ბუსტერის ეფექტი ექნებოდა“ - მინისტრი

63af4765bec3b
თელარა გელანტია
31.12.22 14:30
859
„მორიგ რთულ წელს ვასრულებთ“, - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში.

მინისტრის პროგნოზით, 2022 წელსაც, სავარაუდოდ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს საქართველო და ძალიან კარგია, რომ ზედიზედ ორი წელი ასეთი მაღალი ზრდაა.

ლევან დავითაშვილის თქმითვე, მაღალი ეკონომიკური ზრდა რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა და მათ შორის არის რუსეთ-უკრაინის ომი, თუმცა მინისტრი ხაზს უსვამს იმასაც, რომ „ზრდას მყარი ობიექტური საფუძველიც გააჩნია“.

„ეკონომიკის ზრდის კონტრიბუტორები კარგად ვიცით - გაზრდილია ექსპორტი, შემოსავლები ტურიზმიდან; ასევე გაზრდილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და აღსანიშნია, რომ FDI-ში 48% ევროკავშირიდანაა შემოსული; ცალსახაა, EU-დან ინვესტიციები ემოციური ფაქტორით არაა განპირობებული. ამ ყველაფერს წინ უძღვის ის გატარებული რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყანაში ბოლო წლებში მიმდინარეობდა და ის საინივესტიციო კლიმატი, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა; თუმცა, რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტორებიც - გაზრდილი შიდა მოთხოვნა, რომელიც გეოპოლიტიკური ვითარების გამო მივიღეთ - ვგულისხმობ მიგრანტების ნაკადს, გაზრდილ ფულად გზავნილებს და ა.შ. ეს ხელს უწყობს იმ ეკონომიკურ შედეგებს, რაც გვაქვს, თუმცა ჩვენი აზრით, დიდწილად ეს არის იმ სტრუქტურული რეფორმების შედეგი, რაც ქვეყანამ გაატარა, მაგრამ ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია“, - თქვა ლევან დავითაშვილმა.

BMG-ის კითხვას - რამდენად ელოდა მთავრობა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს ეკონომიკაზე ე.წ. ბუსტერის როლი ექნებოდა, მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:

„ომის დაწყებისას, როდესაც რისკები გავაანალიზეთ, აბსოლუტურად სხვა რიცხვები დაიდო იმ დაშვებებით და მეთოდოლოგიით, რაც არსებობს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ შევინარჩუნებდით ეკონომიკურ ზრდას, რეცესიაში არ წავიდოდით, მაგრამ ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ბუსტერის ეფექტს არანაირად განვიხილავდით, თუმცა შემდგომში ვნახეთ, რომ გაჩნდა შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანას უნდა გამოეყენებინა და რა თქმა უნდა, მყისიერად გადავაწყვეთ ჩვენი პოლიტიკა, სწრაფი და ადეკვატური გადაწყვეტილებები მივიღეთ, რათა ქვეყანას მიეღო მაქსიმალური შედეგი იმ შესაძლებლობებიდან, რაც გაჩნდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები