მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების გაჟღერების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენად დღეს ოთარ დანელია დანიშნა.
ბიზნესომბუდსმენის პოსტი 2020 წლის სექტემბერში გათავისუფლდა, როდესაც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გადაინაცვლა. ამ დრომდე მოვალეობას ნინო კვეტენაძე ასრულებდა. 1.5 წლის განმავლობაში კი კერძო სექტორი, ჯერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, შემდეგ კი ირაკლი ღარიბაშვილს პანდემიიდან გამომდინარე არსებულ რთულ ვითარებაში ბიზნესომბუდსმენის აპარატის ხელმძღვანელის დანიშვნას სთხოვდა. იყო ინიციატივაც ბიზნესის ინტერესების დამცველად თავად კერძო სექტორის წარმომადგენელი დანიშნულიყო, თუმცა დღეს ეს ადგილი ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დაიკავა.
BM.GE-სთან საუბარისას ბიზნესმენმა, კომპანია „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა თამაზ დაუშვილმა განაცხადა, რომ მას ბიზნესობუდსმენის აპარატის დეპოლიტიზირების ილუზია არ ჰქონია.
„მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა ბიზნესომბუდსმენის პოსტზე კერძო სექტორის წარმომადგენელს დანიშნავდა, არ მქონდა. რადგან ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების პოლიტიზირება იმდენად მაღალია, ვფიქრობ ასეთი გამონაკლისი, რომ მაგალითისთვის ბიზნესომბუდსმენის სტრუქტურა დეპოლიტიზირებული ყოფილიყო, ვერ მოხდებოდა.
ვფიქრობ, ბიზნესომბუდსმენის მთავარი საზრუნავი იქნება, ბიზნესის გავლენიანი წარმომადგენლების მხრიდან მთავრობის მიმართ ლოიალური განწყობები მოიპოვოს. სხვა მოლოდინი, რომ ომბუდსმენი ბიზნესის პრობლემებით რეალურად დაკავდება, არ მაქვს“, - განაცხადა თამაზ დაუშვილმა და დასძინა, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატის მხრიდან კომუნიკაციის ინიციატივის შემთხვევაში ის პროცესში ჩასართავად მზად არის, „მაგრამ რამდენად საქმედ იქცევა ეს კომუნიკაცია, ეს არის მთავარი“, - თქვა „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა.