მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ ვიცი 2023 წელს მაინც დავუბრუნდებით თუ არა პანდემიამდელ ნიშნულს" - კლუბი „ხიდი“

63bc2002321bd
თინათინ ნატმელაძე
15.01.23 19:11
679
პანდემიამ და მისმა თანმდევმა შეზღუდვებმა ღამის კლუბებს სერიოზული ზიანი მიაყენა. როგორც კლუბი „ხიდის“ წარმომადგენელი სოფო ებრალიძე BM.GE-თან საუბრისას აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს საკლუბო ღამეების შეზღუდვების გარეშე ჩატარება მოახერხეს, ფინანსური ზიანის გამო წელი არასტაბილურად დასრულდა.

„მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს გავიხსენით და წყვეტის გარეშე, სტაბილურად ვატარებდით საკლუბო ღამეებს, მაღალმა გადასახადებმა და სასესხო ვალდებულებებმა, რომელიც პანდემიის პერიოდში გვქონდა და შემდეგ დროში გაიწელა, არ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ წელი სტაბილურად დაგვესრულებინა. ძალიან დიდი გასავალი გვაქვს - ყოველთვიურად რამდენიმე ათას ლარს ვიხდით სახელმწიფო ბიუჯეტში, საკმაოდ ბევრი ადამიანი გვყავს დასაქმებული, ადგილობრივი არტისტები და ასევე, ჩამოსული არტისტებიც, რომელთა ჩამოყვანასაც კიდევ დამატებითი ხარჯები აქვს.

საერთო ჯამში, გამოწვევებით სავსე წელი იყო. არ ვიცი, 2023 წელს მაინც თუ მოვახერხებთ, რომ პანდემიამდელ ნიშნულს დავუბრუნდეთ, მაგრამ მთავარია, რომ გამართულად მუშაობა შევძელით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხელს არ გვიშლიან, ჩვენ ვმუშაობთ“, - განაცხადა სოფო ებრელიძემ.

კითხვაზე, რა სახის ხელშეწყობას საჭიროებენ ღამის კლუბები სახელმწიფოს მხრიდან, „ხიდის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ გადასახადების შემსუბუქება დიდი შეღავათი იქნებოდა.

„საქართველოში ღამის ეკონომიკა არ არსებობს, მე მგონია, რომ ქალაქს ამ კუთხით ხედვა არ აქვს, შეიქმნა რაღაც მოდელი, რომელიც გაუქმდა და შემდეგ უკანაც არავინ მიუბრუნდა. თბილისში ღამის ცხოვრება ცალკეული ინდივიდების დამოუკიდებელი შრომით იქმნება და ამ შემთხვევაში საუკეთესო ხელშეწყობა გადასახადების ნაწილის შეღავათიანობა იქნებოდა, თუმცა მე ამ მხრივ გზას ვერ ვხედავ“, - განმარტავს ებრელიძე.

რაც შეეხება 2023 წლის გეგმებს და მოლოდინებს, „ხიდის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, ქართველი არტისტების საერთაშორისო სცენებზე გაყვანის საკითხზე აქტიური მუშაობა იგეგმება.

„2022 წელს ევროპის ბევრ ქალაქში გავიყვანეთ ქართველი არტისტები, 2023 წელს კი ამ საკითხზე უფრო აქტიურად ვიმუშავებთ და იმედი გვაქვს, რომ ამერიკაშიც შევალთ. ეს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ კლუბისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. საკლუბო ცხოვრება ერთგვარ ტრადიციად იქცა, მოცეკვავეების და მსმენელების ახალი ტალღა გვიერთდება, ახალი წლის ღონისძიებებმაც ძალიან დიდი აქტივობით ჩაიარა - 30 დეკმბერს დავიწყეთ და „დრაგ ბოლს“ ვუმასპინძლეთ, შემდეგ 31-ში და 1-ელში გვქონდა ტრადიციული ივენთები, ეს ყველაფერი კი იმის ფიქრის საფუძველს იძლევა, რომ მომავალი წლები სტაბილურად გაგრძელდება“, - აცხადებს სოფო ებრელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები