მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არქი": ვარკეთილში ავარიული შენობების ჩანაცვლების პროექტში არ ჩავერთვებით

5fa2ff7199844
ანუკა ჯოხაძე
04.11.20 23:33
9174
კომპანია "არქი" ვარკეთილში ავარიული შენობების ჩანაცვლებაში არ ჩაერთვება. ამის შესახებ BM.GE-ის ინფორმაცია კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა მიაწოდა.

როგორც ხეცურიანი ამბობს, ამ ეტაპზე იმის გამო, რომ კომპანია ამავე ტერიტორიაზე ე.წ ხრუშოვკების ჩანაცვლების პროექტს უკვე ახორციელებს, მესამე მასივში ავარიული შენობების ჩანაცვლების პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

“ასეთი პროექტები, გარდა იმისა რომ შეიძლება ბიზნესისთვისაც იყოს საინტერესო, უფრო მეტად ალბათ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებშიც გადის. საკმაოდ დიდ პროექტს ვახორციელებთ ვარკეთილში "ხრუშოვკების" ჩანაცვლების კუთხით და ალბათ არ ჩავერთვებით ვარკეთილის მესამე მასივში ავარიული შენობების ჩანაცვლებაში, თუმცა ასეთი პროექტები ჩვენთვის საინტერესოა ყოველმხრივ: ერთი ბიზნესის კუთხით, მეორე სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ", - აცხადებს სამშენებლო კომპანია “არქის” გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

ცნობისთვის, თბილისში რამდენიმე ასეული ავარიული შენობა-ნაგებობაა, რომლის ჩანაცვლებაც არაერთი მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებების ნუსხაში შეგვხვედრია. არც კახა კალაძეა გამონაკლისი, 2017 წელს "ხრუშოვკების" ჩანაცვლებას თბილისელებს ისიც დაჰპირდა. მართლაც კალაძის მერად არჩევიდან რამდენიმე თვეში "ხრუშოვკების" ჩანაცვლების პროექტზე პირველი ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, თუმცა მშენებელი კომპანიები პროექტით არ დაინტერესდნენ. რამდენიმე თვეში გამოცხადებულ მეორე ინტერესთა გამოხატვაში კი გამარჯვებულად კომპანია "არქის" შვილობილი კომპანია შპს “ვარკეთილი დეველოპმენტი" დასახელდა, რომელსაც 30 205 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისის მერიამ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წელს დაიწყო და ოთხ წელიწადში უნდა დასრულდეს.

ამასთან, დღეს კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვარკეთილის მესამე მასივის განაშენიანების კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება, რის შემდეგადაც კახა კალაძე სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს შეხვდება და კონცეფციას გააცნობს. შემდეგ კი, როგორც თბილისის მერი ირწმუნება გამოცხადდება კონკურსიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები