მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასკანელი" დუბაისა და ალმატიში რესტორნებს ხსნის - ინვესტიცია $2.6 მილიონამდეა

6342e7e59a02e
ვიქტორია მღებრიშვილი
09.10.22 20:55
1788
კომპანია „ასკანელი“ სარესტორნე ქსელს ქვეყნის გარეთ აფართოებს და „ასკანელის ქართული სახლის“ გახსნას დუბაისა და ალმატიში 2023 წელს გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ Forbes Talks-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ყაზახეთში რესტორნების გახსნა კომპანიისთვის დიდი მიღწევაა. სარესტორნე ქსელის აღნიშნულ ლოკაციებზე გაფართოებისთვის კი კომპანია დაახლოებით 2.6 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.



„გასულ კვირას ძალიან საინტერესო ხელშეკრულებები გავაფორმეთ. დუბაიში სასტუმრო Raffles-თან გავაფორმეთ ხელშეკრულება. ეს ერთ-ერთი დიდი სასტუმროა დუბაიში და შეიხების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. სასტუმროს ადმინისტრაციამ მისი რესტორანი დაგვითმო, რომელიც მეორე სართულზე მდებარეობს, 280-ადგილიანია და ტერასებსაც აერთიანებს. აქ გაიხსნება „ასკანელის ქართული სახლი“. ეს მუშა რესტორანია, სადაც დიდი ინვესტიციის განხორციელება საჭირო არ არის. მისი სტილისტიკა ისეთია, რომ გაქართულებას მარტივად მოვახერხებთ. ამასთან რესტორანი სრულად აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, რაც დაახლოებით 4 მლნ დოლარის ღირებულების არის. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მცირე ინვესტიციის ჩადება მოგვიწევს. შესაბამისად 2023 წლის 1 სექტემბერს, დუბაიში ამოქმედდება ქართული რესტორანი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ცეკვა-სიმღერა, კულტურა, სამზარეულო, ღვინო.



იმავე კონცეფციით კიდევ ერთი რესტორნის გახსნას, 2023 წლის აპრილ-მაისში ყაზახეთში, ქალაქ ალმატიში ვგეგმავთ. ამისთვის ქალაქში ძალიან კარგი ლოკაცია შევარჩიეთ - პირველი პრეზიდენტის პარკის წინ. ეს საინტერესო, ლაქშერი ადგილია, სადაც „ასკანელის ქართული სახლი“ ამოქმედდება.

ეს იქნება ქართული კულტურის ცენტრი ამ ქვეყნებში“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

პროექტზე მუშაობა კომპანიამ ერთი წლის წინ დაიწყო და გოჩა ჩხაიძის შეფასების, მათი პარტნიორთან - არტიომ გურჩენკოსთან კოლაბორაცია და დადებული შეთანხმებები საქართველოს დიდ სიკეთეს მოუტანს.

„ალმატის რესტორნის მოსაწყობად დაახლოებით 1.3 მლნ დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო. დუბაის ინვესტიციაც დაახლოებით ამდენივეა, რადგან არსებული რესტორნის გადაკეთება მოხდება. ზოგადად დუბაიში რესტორნის ბიზნესში შესვლა და მსგავსი პროექტის განხორციელება ძალიან ძვირი ჯდება“, - ამბობს „ასკანელის“ დამფუძნებელი.


აღსანიშნია, რომ კომპანია დუბაისა და ალმატის რესტორნებში ქართველ გამოცდილ კადრებს დაასაქმებს.

„ბათუმში რესტორანი „ასკანელი ტერასა“ თავისი კონცეფციით ყველასთვის ცნობილია და ვფიქრობ, ჩვენ ასკანელის ქართული სახლების შექმნაც არ გაგვიჭირდება.

ეს პოპულარიზაციას გაუკეთებს ქართულ სამზარეულოს. ადგილზე ბევრ სამუშაო ადგილს შევქმნით და საქართველოდან გადამზადებულ, გამოცდილ კადრებს წავიყვანთ“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

კომპანიის დამფუძნებელი ქართული რესტორნების ქსელის საზღვარგარეთ განვითარებას ამით არ წყვეტს და Forbes Talks-თან ინტერვიუში ახალ სამიზნე ქვეყნებსა და რესტორნების ბრენდის განვითარების გეგმაზეც საუბრობს.

„გვინდა, ამ კონცეფციის რესტორნები მთელ მსოფლიოში გავამრავლოთ. შვედეთი, ლონდონი გველოდება. ამაზე მუშაობა მიდის და შევეცდებით უახლოეს 5 წელში განვახორციელოთ ეს პროექტები. მომავალში ვიფიქრებთ იმაზე - რა ფორმით შეიძლება ამის ორგანიზება, შეიძლება მცირე მარნები ჩავრთოთ ამ პროცესში და შევიტანოთ მენიუში მათი პროდუქცია. არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი „ასკანელის“ იყოს. ბევრი კომპანია ამ იდეოლოგიას გაურბის, თუმცა ვთვლი, რომ ეს არასწორია. მათ შორის ბათუმში „ასკანელი ტერასაზეც“ გვაქვს მცირე მარნების ღვინო წარმოდგენილი. ვფიქრობ, ეს კარგი ინიციატივა იყო ჩემგან გაჟღერებული, რომელსაც დღემდე ვინარჩუნებთ“, - აღნიშნა გოჩა ჩხაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები