საცხობების ქსელი "აუგუსტი" მიმდინარე წლის აპრილში თბილისში საწარმოს გახსნის, სადაც პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, სენდვიჩები და სალათები დამზადდება.
როგორც bm.ge-ის "აუგუსტის" თანადამფუძნებელმა ქრისტინე მორჩილაძემ განუცხადა, საწარმო კომპანიის ფილიალებს მოამარგებს და ადგილზე გარდა საწარმო ხაზისა გაყიდვის ობიექტიც მოეწყობა.
„საწარმო ნაძალადევში, ბეჟანიშვილის 4 ნომერში აპრილში გაიხსნება. ადგილზე პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, სალათები, სენდვიჩები და ყველა ის პროდუქტი დამზადდება, რაც წარმოებაში გვაქვს. საწარმო "აუგუსტის" 5-ივე ფილიალს მოამარაგებს, ამასთან ეს კომპანიის მეექვსე გაყიდვის ობიექტიც იქნება.
რაც შეეხება ინვესტიციას, პროექტის ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია. აღსანიშნავია, რომ ადგილზე ოცდაათამდე ადამიანი დასაქმდება“ - აღნიშნავს "აუგუსტის" დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, საცხობების ქსელი “აუგუსტი” ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. გარდა საცხობების ქსელის 5 ფილიალისა, კომპანიას ხილის ნაწარმის წარმოებაც აქვს, რომელსაც დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, ისრაელსა და აზერბაიჯანში ყიდის.