მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლა, ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, იქნებ გვესწავლა ერთმანეთის წარმატებით სიხარული... იქნებ ესეც საკმარისი ყოფილიყო ჩვენი წილი გამარჯვებისთვის" - ბიზნესმენი

63fcfdef5df60
BM.GE
27.02.23 23:58
1517
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც საქართველოს ძველი ისტორიის ახალთან ბმაა წარმოდგენილი. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც სხვა და სხვა სფეროში საქართველოს საამაყო ისტორია შექმნეს და ქმნიან. მისი მოსაზრებით, საქართველოს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამ მიზნის გარშემო გაერთიანების მაგივრად, „დრო ერთმანეთთან კამათში და კინკლაობაში გადის“. ბიზნესმენის თქმით, ახლა საქართველო ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას, რადგან ოდითგანვე არჩეული გზა თავისუფლებისკენ არა „ქიშპობით“, არამედ ერთმანეთის წარმატების სიხარულით გაგრძელდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მას მაგალითად უკრაინა მოჰყავს, რადგან ომის პირობებშიც კი უკრაინელმა ხალხმა არნახული ერთიანობა და ერთი მიზნისკენ სწრაფვა შეინარჩუნა.

BM.GE ბიზნესმენის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"წინა კვირას პარიზში, ჩემს მეგობარს და ჩვენი თანამედროვეობის უდიდეს ხელოვანს გუჯი ამაშუკელს შევხვდი. გუჯისთან ყოველი შეხვედრისას, ვიაზრებდი მის უკიდეგანო ნიჭს, შემოქმედების მასშტაბურობას და ვიაზრებდი იმასაც, სად და როგორ მიაღწია ამ აღიარებას ერთმა უბრალო ქართველმა ბიჭმა.. მსოფლიოს კულტურის და ხელოვნების ნამდვილ მექაში..პარიზში..ხოლო დღეს მისი ხელნაკეთი ნივთები მსოფლიოს ყველაზე დიდ მუზეუმებსა და კოლექციებშია.. ლუვრიდან დაწყებული ვატიკანამდე და ასე შემდეგ...

მასთანაც მისაუბრია და სულ ვფიქრობ, სადაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან და ყველა სფეროში გვყავს გამორჩეული ქართველები, ოპერა, მხატვრობა, ლიტერატურა, მედიცინა,ინჟინერია,სპორტი და ასე შემდეგ...

გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, ან გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი, რაჭველი უბრალო ბიჭი,რომელმაც პირველმა დანერგა სიახლე ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლების ე.წ. "Babel Lamps", გამოშვებით.

ან მეტი რა უნდა ქნას ჩვენმა პატარა ქვეყანამ,რომ თბილისში დაბადებულ ბიჭს ალექსანდრე ქართველს, (ქართველიშვილს), ეწოდებოდეს აშშ-ის ავიამშენებლობის ისტორიის ერთ-ერთი პიონერი და მას მიიჩნევდნენ აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად.

პირადად ჩემთვის განსაკუთრებული მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე,რომელმაც თავის მრავალმხრივი განათლებით, უნიკალურ და ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს ჩაუყარა საფუძველი: ამოაშრო ჭაობები, ხელმძღვანელობდა ნავსადგურის, ელექტროსადგურის, მუზეუმის, საკათედრო ტაძრის, გიმნაზიებისა და ხიდების მშენებლობას, გაიყვანა სატელეფონო ქსელი და გამართა საქალაქო ტრანსპორტი. მისი პროექტით განხორციელდა ფოთის დაგეგმარება. და ეს მცირე ჩამონათვალია მხოლოდ.

ყველას ვერც ჩამოვთვლი,უფრო შორეულ წარსულში ქალი გვყავდა მეფედ და რეფორმატორად,მაშინ როცა ქალისა და კაცის თანასწორობაზე ჯერ დავასაც ვერ ბედავდნენ ბევრგან..
ვეფხისტყაოსანს ვწერდით,ვომობდით,ვიცავდით,ვქმნიდით,ვაშენებდით.. შორს რომ არ წავიდეთ დღეს რამდენი ადამიანი გვყავს გამორჩეული,თავის საქმის პროფესიონალი.

აგერ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანი ლაშა ტალახაძე ქართველია და რახანია მხოლოდ საკუთარ რეკორდებს ხსნის,კონკურენტიც კი არ ჰყავს,ჩვენი ნონა გაფრინდაშვილი,მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი,როგორც უწოდებენ ჭადრაკის დედოფალი.

რომელი ერთი ჩამოვთვალო,პიანისტები,საოპერო მომღერლები,კულტურის,მეცნიერების სფეროში მსოფლიოში მიმოფანტული,აღიარებული და დაფასებული ქართველები.

ეს ყველაფერი კიდევ იმას მოვაყოლე,რომ რა ფენომენია ეს,ერთ პატარა ქვეყანას,სულ რომ ერთ დღეში შეგიძლია მოიარო,ამდენი ნიჭიერი ადამიანი ჰყავდეს,ამდენი რესურსი და პოტენციალი ჰქონდეს განვითარების, გინდ გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე,გინდ ადამიანური რესურსიდან და ამის მაგივრად ერთმანეთთან კინკლაობასა და კამათში ატარებდეს თუ კარგავდეს დროს.

აი დღეს ერთი წელი შესრულდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან,ერთი წელია ეს ქვეყანა იცავს თავის მიწა-წყალს,თავის ქვეყანას.. და როგორ შეიკრა და ერთიანი გახდა საზოგადოება.. ერთი მიზანი დაისახა...რომ გაიმარჯვონ მტერზე. გამარჯვების მერე, ალბათ ოპონირებაც ექნებათ ერთმანეთში,პოლიტიკურ ნაბიჯებსაც გაუკრიტიკებენ ერთმანეთს,აირჩევენ,გადაირჩევენ მაგრამ გადამწყვეტ და გარდამტეხ მომენტში ერთად დადგნენ და სახელმწიფოებრივი პოზიცია ყველაზე მაღალ თამასაზე აწიეს...

ღმერთმა დაგვიფაროს ომისგან,ჩვენ ჯერ კიდევ ვიშუშებთ ბოლო ომიდან მოყენებულ ჭრილობებს, და ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია მტრისგან.. უბრალოდ აი ახლა,ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე,რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ ,რომ შევძლოთ და ვიპოვოთ გზა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესის ირგვლივ გაერთიანების, დაგვავიწყებინა ერთმანეთის მტრობა,ქიშპობა,რომ მინიმუმ გვასწავლა მაინც როგორ გვეხარა ერთმანეთის წარმატებით,იქნებ ესეც საკმარისი ყოფილიყო ჩვენი წილი გამარჯვებისთვის...

ჩვენი ქვეყნის პროდასავლური არჩევანისთვის,რომელიც უალტერნატივოა,ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის...
მე ჩვენი ნიჭიერი,შრომისმოყვარე მომავალი თაობა მეიმედება.. მათი განათლება,მათი უნარები,პატრიოტიზმი და არჩევანი მაიმედებს.

მათ მიმართ ჩვენი ვალი კი მინიმუმ ისაა, ერთიანობისკენ მიმავალი გზა გავუკაფოთ..ერთმანეთისკენ მიმავალი..ეს მაინც გავაკეთოთ.. Слава Україні! საქართველოსგაუმარჯოს", - წერს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები