„ჩვენი რეგიონი არის „კარიბჭე“, რომელიც ცენტრალური აზიისა და დანარჩენი მსოფლიოს ტვირთებს ერთმანეთთან აკავშირებს“, - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა მურჯიკნელმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო შუა აზიის მწარმოებლები მსოფლიოს ბაზრებზე თავიანთი პროდუქციის გასატანად ალტერნატიულ გზებს ეძებენ.
„რადგან ჩვენი კორიდორი უსაფრთხოა, ლოჯისტიკა კარგად მუშაობს, კიდევ უნდა განვავითაროთ. აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ტერმინალი დაარსდეს, გაიზარდოს პორტები და რკინიგზის პოტენციალიც მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა ცენტრალური აზიის მწარმოებლები ჩვენი მიმართულებით გადმოერთონ. დღევანდელ დღეს ცენტრალური აზიიდან ტვირთი დასავლეთში რომ მოხვდეს, ამის ბევრი ალტერნატივა არ არის და ეს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა მამუკა მურჯიკნელმა.
მისივე თქმით, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თითქმის 100%-იანი დატვირთვით, რომელიც თურქმენეთიდან და უზბეკეთიდან შემოსულ კარბამიდს ევროპასა და დასავლეთის ქვეყნებს აწვდის. ტერმინალში 100-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული და თვეში საშუალოდ 70 ათასი ტონა ტვირთის გადაზიდვას ახორციელებს.
ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი 2021 წლის 11 ივნისს გაიხსნა, რომელიც წელიწადში 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს გადაამუშავებს. ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები ამერიკული კორპორაცია Trammo და კომპანია Wondernet Exspress Investment Group არიან. პროექტში $25 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდა.