მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბელგიამ გააცნობიერა, რომ Huawei უნდა მოეშორებინათ" - კრაჩი საქართველოს Huawei-ს რისკებზე აფრთხილებს

6006f81e04267
შოთა ტყეშელაშვილი
19.01.21 19:51
3607
“ბელგია Huawei ბევრ სფეროში იყენებდა, თუმცა ერთ დღესაც გააცნობიერეს, რომ Huawei აპარატურა უნდა მოეშორებინათ. შესაბამისად ეს გამოწვევა საქართველოსთვისაც არ არის უნიკალური", - განაცხადა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ქით კრაჩმა.

მაიკ პომპეოს მოადგილე აცხადებს, რომ 5G მობილური ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ ამ პროცესში “საიმედო” მწარმოებლების აპარატურა შეიძინოს.

“ეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ესაა ყველაზე დიდი ასპექტი. ამ ტექნოლოგიის მომწოდებლებს ყველა გასაღები ექნებათ და საკითხი ძირითადად ნდობას უკავშირდება. ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში, არა ტექნოლოგიას, არამედ ნდობას უკავშირდება. ენდობი თუ არა შენს პროვაიდერს - მაგალითად, ორ სკანდინავიურ კომპანიას უფრო ენდობი, როგორიცაა Nokia და Ericson-ი თუ ჩინურ კომპანიებს, როგორიცაა Huawei და ZTE? საბოლოო ჯამში, ყველაფერი სწორედ ამას უკავშირდება", - აცხადებს კრაჩი.

სწორედ ამ საკითხს უკავშირდება 14 იანვარს საქართველოს მთავრობის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმიც, რომელიც “სუფთა ქსელების” განვითარებას ეხება. “სუფთა ქსელი” არის აშშ-ის მთავრობის მიერ წამოწყებული საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც ახალი თაობის ინტერნეტის ინფრასტრუქტურის დანერგვის პრინციპებს აერთიანებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის შეფასებით, ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის Huawei და ZTE 5G ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ამ კომპანიების მიერ წარმოებული პროგრამული უზრუნველყოფა და აპარატურა შესაძლოა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ იყოს არასანქცირებულად გამოყენებული.

Huawei მსოფლიოში სატელეფონო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ის საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების პარტნიორიცაა. Huawei-მ 2018 წელს ქართულ ოპერატორებს 12.2 მილიონის, 2017 წელს კი 18.3 მილიონი ლარის ღირებულების აპარატურა მიაწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები