მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცალკეულ ადამიანებს გარკვეული ზარალი მიადგება”-რას სთავაზობს ხაშურის მერია თვითდასაქმებულებს?

5f40f33575d33
თამთა ჯიჯავაძე
22.08.20 14:43
3340
ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც დღეს გაიხსნა, აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან არსებულ გზას უერთდება. შესაბამისად, მაგისტრალის ახალი მონაკვეთები გვერდს უვლიან ხაშურის ე.წ. "ჰამაკების ბაზრობას" და მსგავსი ტიპის სავაჭრო ობიექტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გზაზე მანქანების ძველებური ნაკადი არ იმოძრავებს და ადგილობრივებს, რომლებიც გზის პირას ჰამაკების, ნაზუქების, თაფლის თუ სხვა ნაწარმის რეალიზაციით იყვნენ დაკავებული, სავარაუდოდ, კლიენტები მოაკლდებათ. უკვე ცნობილია, რომ მთავრობა მათ ალტერნატიულ სავაჭრო სივრცეს შესთავაზებს, მაგრამ უცნობია, რამდენად ხელსაყრელი იქნება ის მოსახლეობისთვის.

კონკრეტულად რა ალტერნატივას სთავაზობს ადგილობრივი მთავრობა თვითდასაქმებულებს, რომელთა ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ საკუთარი სახლების მიმდებარედ ვაჭრობა იყო - ამ და სხვა კითხვებით bm.ge-მ ხაშურის მერს მიმართა. გიორგი გურასპაშვილი ამბობს, რომ ახალი გზის მიმდებარედ, ორივე მხარეს 4000-4000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაა, სადაც სპეციალური სავაჭრო სივრცეები მოეწყობა. "ესკიზების შექმნა უკვე მიმდინარეობს. შესაბამისი ინფრასტრუქტურა გაკეთდება, რათა იმ ადამიანებმა, ვინც მაგისტრალის გარშემო ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, მუშაობა გააგრძელონ", - აღნიშნა ხაშურის მერმა.

აღსანიშნავია, რომ, ჯერჯერობით, მერს არ აქვს პასუხი მთავარ კითხვაზე - ხაშურის მოსახლეობას რა ფასად მოუწევს ახალ სავაჭრო სივრცეში ფართის ქირაობა, თუ გარკვეული ტერიტორია მათ უფასოდ გადაეცემათ. "ამაზე საუბარი ჯერ არ არის", - ამბობს ის.

ამ ეტაპზე, გიორგი გურასპაშვილი ვერც ჯიხურების სავარაუდო რიცხვს ასახელებს, მაგრამ ირწმუნება, რომ "რაოდენობა საკმარისი იქნება".  

რაც შეეხება დროს, თუ რა ვადაში დასრულდება ახალი სავაჭრო სივრცეების მოწყობა, მერის თქმით, "ეცდებიან, პროცესი დროში გაწელილი არ იყოს".

„შენდება ძალიან მნიშვნელოვანი ავტობანი, ამ გზას დიდი სარგებელი აქვს. რა თქმა უნდა, ცალკეულ ადამიანებს გარკვეული ზარალი მიადგება, თუმცა ყველაფერი მოგვარებადია და სახელმწიფო მათ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ სამუშაო ადგილები არ დაკარგონ“, – აღნიშნა ხაშურის მერმა.

bm.ge-ის კითხვაზე - თუ ფლობს ინფორმაციას, დააახლოებით, რამდენი ადამიანი იყო ადგილზე ვაჭრობით დაკავებული, მერმა თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არაა, რადგან ისინი გადასახადის გადამხდელებად რეგისტრირებულები არ იყვნენ. 

ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა - მთავრობის ცნობით, მგზავრობის დრო 40%-50%-ით შემცირდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები