მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი მიზანია, ქართველი მეზღვაურები ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დავასაქმოთ" - "მერიდიანი"

64477636cafb8
თინათინ ნატმელაძე
25.04.23 21:58
580
საზღვაო საწვრთნელი ცენტრი "მერიდიანი" მოქმედი მეზღვაურების საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადების საკითხზე რამდენიმე წელია მუშაობს. როგორც ცენტრის დირექტორი ირაკლი შარაბიძე BM.GE-სთან ამბობს, მოთხოვნები მუდმივად იზრდება, ამიტომ მეზღვაურების პრაქტიკული გადამზადება ყოველ 5 წელიწადში აუცილებელია.

მისივე ცნობით, ამ სფეროს პოტენციალი საკმაოდ დიდი და მზარდია, თუმცა ბაზარზე პროფესიონალი მეზღვაურების ნაკლებობა შეინიშნება.

"მსოფლიოში დაახლოებით მილიონ ნახევარი მეზღვაურია, სადაც პროცენტული უპირატესობა ფილიპინელებს უჭირავთ, შემდეგ მოდის პოსტსაბჭოთა ქვეყნები და მაგალითად რუსეთსა და უკრაინას 200-200 ათასი მეზღვაური ჰყავთ, საქართველოში კი 15 000 რეგისტრირებული მეზღვაურია, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი კონკურენციის გაწევა გვიწევს, რომ ჩვენი მეზღვაურები დიდ საერთაშორისო კომპანიებში დასაქმდნენ.

"მერიდიანის" მთავარი მიზანია, ქართველი მეზღვაურები ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმდნენ, რისთვისაც პრაქტიკული ცოდნის მიღებაა საჭირო, სწორედ ამიტომ ჩვენი საწვრთნელი ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სიმულატორებით, სასწავლო პრაქტიკული ინვენტარით, გვყავს 40-მდე ინსტრუქტორი, რომლებიც მოქმედი მეზღვაურები არიან და ჩვენთან სპეციალური გადამზადება გაიარეს", - ამბობს ირაკლი შარაბიძე.

"მერიდიანის" ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად მეზღვაურების მაღალი ანაზღაურებისა, საქართველოში ამ პროფესიით მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ინტერესდებიან, აღმოსავლეთ რეგიონებში კი მეზღვაურობის შესახებ თითქმის არაფერი იციან.

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართველ მეზღვაურთა რაოდენობა 30%-ითაა გაზრდილი, ეს საკმარისი რაოდენობა მაინც არაა. ბოლო პერიოდში მსოფლიოში მეზღვაურების დეფიციტი შეიქმნა, რაც შანსს გვაძლევს, საერთაშორისო ასპარეზზე უფრო აქტიურად გამოვჩნდეთ, თუმცა ამისთვის, პირველ რიგში, ადამიანების ამ პროფესიით დაინტერესებაა საჭირო.

მეზღვაურებს თავისი ანაზღაურებებით საქართველოს ბიუჯეტში ყოველწლიურად $200 მილიონი შემოაქვთ, შესაბამისად ამ მიმართულების განვითარება და ბევრი ადამიანის დაინტერესება, ცხადია, ქვეყნისთვისაც კარგია და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვისაც", - აცხადებს ირაკლი შარაბიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები