“თიბისი კაპიტალის” მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელიც ქვეყანაში კაკლოვანი კულტურების სექტორს ეხება, წერია, რომ კაკალი ძირითადად საოჯახო მეურნეობებში იწარმოებოდა და დიდი ნაწილი საკუთარი მოხმარებისთვის გამოიყენებოდა. დღეს კი უკვე კაკლის წარმოება კომერციალიზაციის შედარებით მაღალი დონით გამოირჩევა.
ორგანიზაციის ცნობითვე, 2013-დან 2021 წლამდე, საშუალოდ, წლიურად, კაკლის მოსავალი 17%-ით იზრდებოდა, თუმცა ამ წლების განმავლობაში წარმოების მაჩვენებელი საკმაო მერყეობით ხასიათდება.
2021 წელს კაკლის წარმოება წინა წელთან შედარებით 0.3 ათასი ტონით შემცირდა და 7.2 ათასი ტონა შეადგინა.

2019 წლამდე, ძირითადად, კაკალი საკარმიდამო ნაკვეთებში იწარმოებოდა, ხოლო მას შემდეგ დაფიქსირებული წარმოების ზრდა დაკავშირებულია კომერციული ბაღების მსხმოიარებაში შესვლასთან. ამას გარდა, კაკლის გაშენებული ფართობების ზრდის ტემპი ყველაზე მაღალი 2015-2016 წლებში იყო, ხოლო ბოლო პერიოდში გაშენებული კაკლის ბაღებში კლების ტენდენცია შეინიშნება.
“თიბისი კაპიტალის” თანახმად, სავარაუდოა, რომ კაკლის ბაღების თავდაპირველი ზრდა განაპირობა ბაზარზე კაკლის ახალი ჯიშის „ჩანდლერის“ გამოჩენამ, რომელიც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაშენდა. როგორც აღმოჩნდა, „ჩანდლერის“ ჯიში სითბოს მოყვარულია და ყველა რეგიონში ამ კულტურამ არ გაამართლა, შესაბამისად გაშენების ტემპმა იკლო. ასევე, დარგში ცოდნის და გამოცდილების ნაკლებობამ განაპირობა წარუმატებლობა რიგი ბაღების შემთხვევაში, რამაც ამ მიმართულებით ინტერესი შეანელა.
კაკლის ბაღები სახელმწიფო პროგრამის დანერგე მომავლის ფარგლებშიც შენდება. კვლევაში წერია, რომ 2015-2021 წლებში კაკლის მიმართულებით პროგრამას ჯამში 62 ბენეფიციარი ჰყავდა და ბაღი 3,136 ჰა-ზე გაშენდა. სახელმწიფოს მხრიდან გაწეულმა თანადაფინანსებამ ჯამში 15 მლნ ლარს გადააჭარბა.
2015-2021 წლებში, „დანერგე მომავლის“ პროექტის ფარგლებში კაკლოვანი კულტურებზე გაცემულია 33 734 380 ლარის თანადაფინანსება. დაფინანსების დიდი წილი მოდის კაკალსა (45%) და ნუშზე (44%). შედარებით მცირეა თხილს და ფისტას თანადაფინანსება, 7% და 4%, შესაბამისად.
კაკალის წარმოებით წამყვანი რეგიონია აჭარა, სადაც კონცენტრირებულია მთლიანი წარმოების 31%. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აჭარაში, ძირითადად, კაკალი იწარმოება საოჯახო მეურნეობებში. ახალი, კომერციული ბაღები კი შენდება ძირითადად კახეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებში.
დასახელებულ რეგიონებში „დანერგე მომავლის“ ფარგლებში გაშენებულია, კაკლის მთლიანი ფართობის 92%. პროექტის ფარგლებში ჯამში 3,136 ჰექტარი კაკლის ბაღი გაშენდა, თუმცა კაკლისა და ნუშის ასოციაციის ინფორმაციით, კერძო ინვესტიციების ჩათვლით, კაკლის კულტურა 6 ათას ჰექტარზეა გაშენებული.
“თიბისი კაპიტალის” მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, ბაზრის განვითარებამ და მოთხოვნის გაზრდამ განაპირობა კაკლის გადამამუშავებელი საწარმოების განვითარება და ბოლო სამ წელში ექვსი გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნა.
“ექსპერტთა შეფასებით საწარმოს სიმძლავრეები ქვეყანაში მომდევნო ხუთ წელიწადში წარმოებული პროდუქციის გადამუშავებას შეძლებს”,-წერია კვლევაში.
საქართველოში კაკლოვნებიდან ყველაზე გავრცელებული კულტურაა თხილი, შემდეგ მოდის კაკალი, ხოლო ნუში და ფისტა შედარებით ახალი კულტურებია.
კაკლის შემთხვევაში შიდა ბაზარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატება წარმოებას, ამავდროულად, ფასი უფრო მაღალია ვიდრე მსოფლიო ბაზარზე, შესაბამისად, ჯერჯერობით მთლიანი წარმოება ადგილობრივად მოიხმარება. მოთხოვნა მაღალია როგორც გადაუმუშავებელ, ასევე - გადამუშავებულ კაკალზე. ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კაკალი იმპორტითაც შემოდის. თუმცა, რამდენიმე წელიწადში, წარმოების ზრდასთან ერთად კაკლის ექსპორტი უფრო აქტუალური გახდება. მსოფლიოში წარმოების ზრდის კვალდაკვალ, ქართულ კაკალს საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე მოუწევს შესვლა.