მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიდი ალბათობით, წელს საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს" - მიზეზები

636f6e03c3645
ალა ისპირიანი
12.11.22 18:00
651
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან აქტიურად გვესმის საუბარი, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებს, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყანა დიდი ალბათობის წელს მას ვერ მიიღებს.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, გიგი გიგიაძემ გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა, რომ იმ საკითხების გადაწყვეტა, რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლადაა საჭირო, საეჭვოა, წელს, ან მომდევნო წლის განმავლობაში მოხერხდეს.

„ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგან, დიდი ალბათობით, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლება ვერ მოახერხებს იმ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რომელიც ევროკავშირის კომისიისგან მივიღეთ. ჩვენ გვაქვს რიგი საკითხებისა, რომელთა შესრულებაც ფიზიკურად ვერ ხერხდება და არც ესწრება. როდესაც ვსაუბრობთ 12 პუნქტზე, ძირითადად საუბარია 2 ძირითად მკვეთრად გამოკვეთილ რეკომენდაციაზე, ეს არის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. ამის გარდა მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურად ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების საკითხში და ასევე თავისუფალი პრესის ხელშეწყობა და არსებობა. ეს საკითხები არ არის წინა პლანზე წამოწეული და ამ რეკომენდაციებიდან ეს საკითხები გადაუწყვეტელია და არანაირი წინაპირობა არ არის, რომ ამის გადაწყვეტა ამ წლის ბოლოს ან მომდევნო წლის მანძილზე მოხერხდეს. დიდი ალბათობით, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიმდინარე წელს ვერ მიიღებს და ჩამოშორდება უკრაინასა და მოლდოვას“ - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

აღნიშნულ შეხედულებას „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე, მიხეილ მირზიაშვილიც იზიარებს.  მან „ანალიტიკის“ ეთერში თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ თემის მიმართ პოზიტიური ტენდენცია უნდა ეჩვენებინა, თუმცა რაც დრო გადის ოპტიმიზმი მცირდება.

„სრულად ვიზიარებ მის ანალიზს. ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ეს ოპტიმიზმი სულ უფრო მცირდება. დეკემბერში არავინ ელოდა, რომ რეკომენდაციები სრულად შესრულდებოდა, რადგან ის როგორც კანონმდებლობის ცვლილებას, ასევე იმპლემენტაციას გულისხმობდა. უბრალოდ ჩვენმა ქვეყანამ უნდა აჩვენოს, რომ პოზიტიური ტენდენციაა და ამ მხრივ მცირე იმედის მომცემი ნიშნები გაქვს“, - განაცხადა მირზიაშვილმა. 

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” EU-ს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების გეგმა მიმდინარე წლის პირველ ივლისს წარადგინა. მაშინ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და სათანადო ხარისხით უზრუნველყოფდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები