საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) ჩატარდება. ზაფხულში, სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებულად ჩატარებული კონკურსების შემდეგ, IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველ მწარმოებლებს იწვევს.
კონკურსი ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა კი, პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე ამბობს, რომ ეს კონკურსი 15 ოქტომბერს არ დამთავრდება.
მან Forbes კვირას ეთერში განაცხადა, რომ გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ IWSC -თან თანამშრომლობა 1 წლის განმავლობაში გრძელდება.
„IWSC-ის მედალოსნობა ბევრ ჩვენ მეღვინეს საერთაშორისო ბაზარს კარს უხსნის. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ხარისხს და სტანდარტებს აკმაყოფილებ, რაც IWSC -ს მიერაა დაწესებული. ასევე, კონკურსში მონაწილეც უკვე გამარჯვებულია, რადგან რეალურად თითოეული მეღვინე, რომელიც აქ რეგისტრირდება უკუკავშირს ისეთი ჟიურის წევრებისგან იღებს, რომლებიც მსოფლიოში მაღალი რანგის და ცოდნის მცოდნე ადამიანები არიან. ეს ადამიანები ქართველი მეღვინეების ღვინოებს აფასებენ და აძლევენ რეკომენდაციას. რომელი ღვინოც ვერ გაიმარჯვებს დაწერილ რეკომენდაციას მიიღებს მათი ღვინო რჩეულებს შორის რატომ ვერ მოხდა.
კონკურსი 15 ოქტომბერს არ დამთავრდება, რადგან გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ IWSC თან თანამშრომლობა 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ისინი ქართულ ღვინის პოპულარიზაციას შემდეგი 1 წლის განმავლობაში მოახდენს“, - ამბობს მარიამ გუჯაბიძე.
მისი თქმით, IWSC განსაკუთრებით ისეთ ღვინოებს ეძებს, რომელიც ბრიტანეთში ვერ იგზავნება.
„ის ფაქტი რომ IWSC დათანხმდა ჩამოვიდეს საქართველოში და ევროპაში პირველად ქვეყნის მასშტაბით ჩაატაროს კონკურსი, ეს ქართული ღვინის თამასას საერთაშორისო ბაზარზე ძალიან წევს. მათ ჩვენ მიმართ ნდობა აქვს, რომ სწორედ იმ მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება საქართველოში კონკურსი, როგორც ეს ბრიტანეთში ტარდება.
ამასთან, ეს არის საზოგადოება, რომელიც მსოფლიოში საინტერესო ღვინოებს და მეღვინეებს ეძებს. განსაკუთრებით ალბათ ისეთ ღვინოს ეძებენ, რომელიც ბრიტანეთში ვერ იგზავნება. მცირე და საშუალო მეწარმეებს და მარნებს დაბრკოლება აქვთ, რომ ბრიტანეთში გაგზავნონ და ამ ადამიანებს აინტერესებთ საქართველოში ისეთი ღვინიების აღმოსაჩენად ჩამოვიდნენ, რომლებსაც შესაძლებლობა არა აქვთ დიდ ბრიტანეთში წარდგნენ. რამდენიმე დღის წინ ორგანიზატორებთან გვქონდა კავშირი და მოხარულები არიან, რომ მეღვინეები ვინც რეგისტრირდებიან ძალიან ბევრი მცირე და საშუალო მარნის წარმომადგენელია", - ამბობს იგი.