საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგგანი კომუნიკაციების კომისიის მიერ “მთავარი არხის” დაჯარიმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს. როგორც დეგნანმა თქვა, გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით დაცული უფლებაა და ის დემოკრატიის ძირითადი შემადგენელი ნაწილია.
“მოვლენების ასე განვითარება ძალიან სამწუხაროა. სიტყვის თავისუფლება ნამდვილად მნიშვნელოვანია. თავისუფლება იმისა, რომ გამოხატო გარკვეული მოსაზრებები მათ შორი ისეთი შეხედულებები, რომლებიც მთავრობის კრიტიკას მოიაზრებს. მთავრობის კრიტიკის თავისუფლება დემოკრატიის ძირითადი პრინციპია. დღეს 27-ე წლისთავია საქართველოს კონსტიტუციის და მნიშვნალოვანია აღნიშნოს, რომ ეს უფლება საქართველოს კონსტიტუციითაც არის დაცული”,-აცხადებს დეგნანი.
კომუნიკაციების კომისიამ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონდარღვევით განთავსების მოტივით „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ წერილობით გააფრთხილა, „მთავარი არხი“ კი 118 688 ლარით დააჯარიმა.
საუბარია 23 და 24 ივნისს მაუწყებლების ეთერით გავრცელებულ ვიდეორგოლზე, რომელზეც კომისია ამტკიცებს, რომ მისი განთავსების უფლება ტელევიზიებს არ ჰქონდათ. აღსანიშნავია ის, რომ ვიდეორგოლთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას საჩივრით მმართველმა პარტიამ მიმართა.