მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპის უნივერსიტეტმა” “ჯო ენის სამედიცინო ცენტრი” შეიძინა - ვის ეკუთვნის გაერთიანებული კომპანია?

62e7ee5c87c3a
შოთა ტყეშელაშვილი
02.08.22 11:26
1463
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ “ევროპის უნივერსიტეტის” მიერ “ჯო ენის სამედიცინო ცენტრის” შესყიდვაზე თანხმობა გასცა. სამედიცინო ცენტრის შეძენა ჯერ კიდევ აპრილში მოხდა, თუმცა ეს ტრანზაქცია კონკურენციის სააგენტოსთან არ იყო შეთანხმებული, რის გამოც, სააგენტომ “ევროპის უნივერსიტეტი” 15 000 ლარით დააჯარიმა, რა დროსაც კომპანიას დაევალა ინფორმაცია კონკურენციის სააგენტოში წარედგინა.

„სააგენტოს განმარტებით, „ევროპის უნივერსიტეტი“ - საგანმანათლებლო, ხოლო „ჯო ენის სამედიცინო ცენტრი“ - სამედიცინო სერვისების მიწოდების ბაზარზე მოქმედებს. განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების ფარგლებში, სააგენტომ შეისწავლა კონცენტრაციის დონე დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ბაზარზე და სამედიცინო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიწოდების ბაზარზე.

მიღებული მონაცემების მიხედვით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ განხორციელებული კონცენტრაციის შედეგად, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი არც ერთ შესაბამის ბაზარზე არ იცვლება და კონცენტრაცია თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

ვინ არიან გარიგების მონაწილე მხარეები?

შპს “ევროპის უნივერსიტეტი” 1999 წელს დაფუძნებული სასწავლებელია, რომლის პრეზიდენტი და 100%-იანი წილის მფლობელი ლაშა კანდელაკიშვილია.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, შპს ევროპის უნივერსიტეტის შემოსავალი 2020 წელს 13.7 მილიონი ლარი იყო. სასწავლებლის წმინდა მოგებამ კი 3 მილიონი ლარი შეადგინა.

უნივერსიტეტის ჯამური აქტივები 23 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, ის 1998 წელს დაფუძნდა. კლინიკა კარდიოლოგიის მიმართულებით სპეციალიზდება, კლინიკის პროფილს ბავშვთა კარდიოლოგია და დიაგნოსტიკა წარმოადგენს.

კლინიკა ააიპ-ის სახით ოპერირებს, რაც არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსს ნიშნავს. კლინიკის აქტივების გაყიდვამდე, კლინიკის დამფუძნებელთა საბჭოში 4 პირი შედიოდა. 26 აპრილს კი კლინიკის დამფუძნებელთა საბჭოს წევრებმა ჯანსუღ კვირიკაშვილმა, ავთანდილ ცინცაძემ, ვახტანგ ლაშხმა და ირაკლი მეტრეველმა დატოვეს საბჭო, ხოლო კლინიკის 100%-იან მესაკუთრედ ევროპის უნივერსიტეტი დარეგისტრირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები