მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაკვეთილები" ნამახვანის პროექტიდან – რა უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ და ინვესტორმა?

61e73a75489ca
დავით ჯალაღონია
19.01.22 09:00
1012
ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორის მაკა ფარცვანიას აზრით, "ნამახვანჰესის" პროექტთან მიმართებით, მისი სამომავლოდ განხორციელების შემთხვევაში, სახელმწიფოს როლი უნდა გაიზარდოს.

ამის შესახებ მან BM.GE–სთან "ნამახვანის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

კითხვაზე, პროექტის არსებულ ინვესტორ ENKA–სა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის საბოლოოდ დასრულების შემთხვევაში, რა ფორმით შეიძლება სამომავლოდ ამ ჰესის მშენებლობა, მაკა ფარცვანია პასუხად აღნიშნავს, რომ სამომავლოდ, ინვესტორი გაცილებით მეტ გარანტიას მოთხოვს ხელისუფლებისგან.

"ინვესტორის შემოსვლა მარტივად არ ხდება. მას რაღაც სურვილი და ემოცია უნდა აკავშირებდეს ამ ქვეყანაში პროექტის განხორიცელებისთვის. ვიცით, რომ ENKA BP-ს კონტრაქტორი იყო და სწორედ აქედან გამომდინარე გაუჩნდა სურვილი, რომ საქართველოში ინვესტიცია განეხორციელებინა და ელექტროსადგური აეშენებინა. ვფიქრობ, დაინტერესების შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს მზაობა, რომ ინვესტორი იქნება მაქსიმალურად დაცული.

ძალიან ძნელია ამ გადმოსახედიდან ისაუბრო, რადგან საუბრობდნენ ხელშეკრულებაზე, რომელიც ჩემი აზრით, არ შეიცავდა არანაირ წარმოუდგენელ პირობას და აბსოლუტურად შეესაბამებოდა იმ საერთაშორისო სტანდარტს და მოთხოვნებს, რაც ამგვარი ობიექტის მშენებლობისთვის არის განკუთვნილი, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მე რომ ვიყო ინვესტორი, მოვითხოვ მეტ გარანტიას.

ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს როლი პროექტის განხორციელების დროს უნდა გაიზაროდს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინვესტორს გაუჭირდება ამ პროექტის განხორციელება, რადგან ვნახეთ, რომ მოსახლეობიდან და მათი განცხადებებიდან გამომდინარე, ისინი ითხოვენ სახელმწიფოს ჩართულობას. შესაძლებელია, ეს იყოს გამოსავალი, თუმცა რამდენად სწორია, ეს უკვე სხვა საკითხია", – მიიჩნევს მაკა ფარცვანია.

ამასთან, ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, რიონის ხეობაში ENKA–სვის შექმნილმა პრობლემებმა აჩვენა, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან.

"რაც შეეხება "ნამახვანჰესის" ჩავარდნიდან მიღებულ გაკვეთილს – მე მხოლოდ "ნამახვანჰესს" არ გამოვყოფდი, გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად ქვეყანაში პრობლემა მხოლოდ “ნამახვანთან” მიმართეით არ დგას, პრობლემაა ნებისმიერ ენერგეტიკულ ობიექტზე – ერთმეგავატიანზეც იგივე პრობლემაა, უბრალოდ “ნამახვანჰესი” უფრო მასშტაბური იყო და ეს მცირე ჰესები ნაკლებად მასშტაბურია, თუმცა მათი განხორციელება დღეს შეუძლებელია.

სამწუხაროდ, ეს ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში გრძელდება და ეს არის სავარაუდოდ, ერთი გარკვეული ჯგუფის მიერ მართული პროცესი, რომელიც წინააღმდეგია და ხელს უშლის ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას, გარდა თბოსადგურებისა და ამის უკან გარემოსდამცველები დგანან. მათი მოსაწონი არცერთი ენერგეტიკული პროექტი არ არსებობს, თუმცა ვერ ნახავთ მათ წინააღმდეგობას თბოსადგურებთან მიმართებით.

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი როლი სწორედ მედიას აქვს, რომ საზოგადოებას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია. კარგი მოხდა ის, რომ ენერგეტიკაზე დაიწყეს ლაპარაკი და ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღო საზოგადოებამ ენერგეტიკის შესახებ, მის აუცილებლობაზე. ამ თემებზე საუბარი უნდა გავაგრძელოთ და მედიის როლი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა – პირველ რიგში, მათი ინფორმირებულობა, სწორი ინფორმაციის მიწოდება, პროექტთან არსებული ყველა სარგებლის ნახვა, რაც ექნება ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსახლეობას და ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია იმ სამართლებრივი საფუძვლის არსებობა, რაც უნდა იყოს ადგილობრივ მოსახლეობას, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის. სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე და მიმდინარეობს მიდგომების შეჯამება და განსაზღვრა, რა ფორმით უნდა განხორციელდეს. სავარაუდოდ, უნდა შეიქმნას საბჭოები, სადაც გარკვეული თანხა აკუმულირდება, რომელიც სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მოხმარდება", – განაცხადა მაკა ფარცვანიამ.

$800 მილიონიანი "ნამახვანჰესის" პროექტის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ თბილისსა და ქუთაისში ოფისები დახურა. Bm.ge-ის ინფორმაციით, კომპანიიდან თანამშრომლების დიდი ნაწილი უკვე წავიდა. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის ნაწილობრივ დაუდასტურა ENKA-ს უკვე ყოფილმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემაც.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები