მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გავლენის აგენტის კანონის მიღებით, შეიზღუდება ყველა სერვისი, რომელსაც არასამთავრობოები ქმნიან" - საია

63fa33aa5cf80
ელენე კვანჭილაშვილი
26.02.23 09:13
851
„თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ეს კანონი არ არის გამჭვირვალობის შესახებ“ - ასე ეხმიანება საია–ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში, "ანალიტიკა".

კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

„გამჭვირვალობის პრობლემა რეალურად არ დგას, ეს ინფორმაცია სახელმწიფოსთვის ხელმისაწვდომია სხვა მექანიზმებითაც. ეს არის კანონი სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის წინააღმდეგ, მაგრამ დაზარალდება ყველა“, - თქვა ნონა ქურდოვანიძემ.

როგორც საია–ს თავმჯდომარე ანალიტიკას ეუბნება, კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, შეიზღუდება ყველა სერვისი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი აქტორები ქმნიან და მივიღებთ რუსეთის მსგავს სიტუაციას, როცა „თავისუფალი სიტყვა, მედია გარემო და სამოქალაქო სექტორი დაზიანდა, ხოლო დამოუკიდებელი ორგანიზაციები ფაქტობრივად აღარ არსებობს“.

სწორედ მსგავსი შედეგებიდან გამომდინარე, ნონა ქურდოვანიძეს მიაჩნია, რომ „ზოგადად ამ ტიპის კანონმდებლობის არათუ მიღება, არამედ მასზე მსჯელობის დაწყებაც კი დამაზიანებელია საქართველოსთვის“.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ჩაატაროს კვლევა. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები