მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გეოფლაუერი" ორგანული მთის ჩაის წარმოებას იწყებს

60c8a60a2b129
მარიამ იზორია
16.06.21 09:00
2910
„გეოფლაუერი“ ბრენდირებული ორგანული მთის ჩაის წარმოებას იწყებს. კომპანიის ჩაის პლანტაცია ტყიბულის რაიონის სოფელ წყნორში 20 ჰექტარზეა გაშენებული.

როგორც „გეოფლაუერის“ დამფუძნებელი გოჩა ძნელაძე bm.ge-სთან ამბობს, მწვანე, შავი, ხილისა და მცენარეული ჩაის დაფასოებას 25 ივნისს დაიწყებენ, ბაზარზე კი ბრენდი 1 აგვისტოდან გამოჩნდება.

კომპანია სამომავლოდ ორგანული მთის ჩაის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

„უნარჩენო წარმოების სრული ციკლი, ნედლეულის შეგროვება, ტრანსპორტირება, გადამუშავება, შენახვა და დაფასოება ამბროლაურში მდებარე საწარმოში მიმდინარეობს. ეს იქნება მაღალი ხარისხის, პრემიალური პროდუქტი; ორგანული ჩაი მხოლოდ მთის ერთი პლანტაციიდან აღებული ნედლეულით დამზადდება. აღსანიშნავია ისიც, რომ უახლესი სამი წლის განმავლობაში კომპანია სრულად მზის პანელებს დაამონტაჟებს და „გეოფლაუერი“ იქნება კომპანია 0%-იანი CO2 ემისიით. გარდა ამისა, მიმდინარე წელს საკუთარი ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი (კომპოსტი) საწარმოს ამოქმედებაა დაგეგმილი, რომლის დახმარებითაც, ორგანულ სასუქს მივიღებთ და ჩვენივე პლანტაციაში გამოვიყენებთ“, - განმარტავს გოჩა ძნელაძე.

ცნობისთვის: „გეოფლაუერი“ ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამუშავებით 2000 წლიდან არის დაკავებული და ბრენდირებული ორგანული ჩაის წარმოებით ახალ მიმართულებას ამატებს. კომპანიას გადამუშავებული, დაუფასოებელი პროდუქტი ექსპორტზე გერმანიაში, პოლონეთში, ესპანეთში, თურქეთსა და რუსეთში გააქვს.

კომპანიის წარმოების წლიური სიმძლავრე 5000 ტონა ნედლეულია. საწარმოები ამბროლაურში, ახალციხეში, ხაშურში, ტყიბულსა და დუშეთში მდებარეობს.

„გეოფლაუერი“ 170 ადამიანს მუდმივად ასაქმებს; სეზონურად კი ნედლეულის 700 შემგროვებელი ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ხილსა და მცენარეულ ნედლეულს აგროვებენ და აღნიშნულ საწარმოებში აბარებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები