დღეს ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების სხდომა გაიმართა, სადაც ევროპარლამენტარებმა ასევე ევროკომისიის წარმომადგენელმა საქართველოს პროგრესის და ამ მხრივ არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. სხდომაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლუკ დევინმა განცხადა, რომ საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან მიმართებით საკმაოდ დაბალია და მხოლოდ 28%-ს შეადგენს. ამ მიმართულებით დევინმა ერთ-ერთ მაგალითად საქართველოს მიერ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა დაასახელა.
"ჩვენ არასდროს, არც ახლა და არც წარსულში, არ გვითხოვია, რომ საქართველოს შეეწყვიტა ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა, ის რაც ვნახეთ - რუსეთთან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც ევროკავშირმა ფრენები რუსეთის იზოლირების მიზნით აკრძალა, დასანანია,” - ამბობს ის.
დევინის განმარტებით, ევროპა შეშფოთებულია მმართველი პარტიიის ანტიდასავლური გზავნილებით, რომელთა სამიზნეც საერთაშორისო პარტნიორები ან ევროპარლამენტის წევრები არიან.
"სამწუხაროდ, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ძალიან დაბალია. გასულ წელს, ის 44%-ზე ნაკლები იყო, წელს კი, 28%-ია მაშინ, როდესაც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის მაჩვენებელი 100%-იც კია". - ამბობს დევინი.
ევროკომისიის წარმომადგენელმა ასე აღნიშნა, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილებები და ინიციატივები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან აშორებს და ქვეყნის ევროინტეგრაციის შანსს აზიანებს.
"უფრო მეტად ქართული ოცნების ლიდერების ძლიერი, ანტიდასავლური გზავნილები გვაშფოთებს, რომელთა სამიზნეც საერთაშორისო პარტნიორები ან ამ პარლამენტის წევრები ხდებიან". - ამბობს დევინი.
ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს - ევროპარლამენტარი ჯოზას ოლეკასი 12 პუნქტის ბიუროკრატიულად შესრულებაზე
„ჩვენ აქ შეკრებილები ვართ საქართველოს საუკეთესო მეგობრები და წარმატებას ვუსურვებთ მას ევროინტეგრაციაში. გავეცანი იმას თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ. თუმცა ვფიქრობ ეს ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს მოუსმინოთ. არამხოლოდ აგვიხსნათ ჩვენ თუ რა გააკეთეთ, არამედ ერთმანეთთან ისაუბროთ. ცვლილებები არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ბიუროკრატიულად, არამედ უნდა იყოს რეალური ცვლილებები. პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პოლარიზაცია ძალიან ძლიერია. უმრავლესობამ, მმართველმა გუნდმა უნდა გამონახოს საშუალება, რომლითაც ეს პრობლემა მოგვარდება. მაგალითად ეს შეიძლება იყოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება", - განაცხადა ჯოზას ოლეკასმა.
ფაქტია, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინასაც და მოლდოვასაც - ევროპარლამენტარი მარია კალიურანდი
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი მიიჩნევს, რომ საქართველო არასაკმარისს აკეთებს ევროკავშირთან დასაახლოებლად.
"ფაქტია, რომ დღეს, საქართველო უკან ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთ საკვანძო საკითხში. ევროპული პარლამენტის წევრები, ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიდან კოლეგები და სხვა დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ იმის გაგონებით საქართველოს მთავრობისგან და მმართველი პარტიის წევრებისგან ჩვენი მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის მცდელობის შესახებ. ეს არის პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან და ეს არ არის სიმართლე. ჩვენ ეს არ გვსურს საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. არც ერთ თქვენს მეგობარს არასდროს არ ჰქონდათ სურვილი, კიდევ ერთ სისხლიან ომში ჩაგითრიონ. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი". – ამბობს კალიურანდი.
ევროპარლამენტარმა ასევე დაასახელა მიზეზები, რის გამოც საქართველო ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას.
"საქართველო უკრაინასა და მოლდოვას უკან არ ჩამორჩება იმიტომ, რომ მისი სამხედროები რუსეთს არ უტევენ სოხუმიდან. არამედ, საქართველო ჩამორჩება პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს ნაკლებობის გამო. ჩამორჩება ჟურნალისტების დაშინებისა და მათზე ძალადობის გამო. ასევე, დიპლომატების, ევროპული პარლამენტის წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამო. ჩამორჩება პოლიციის სისასტიკი მოპყრობის გამო მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ უცხოური აგენტების კანონს. ასევე იმიტომ, რომ პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში აღნიშნა, რომ LGTBQ უფლებების დაცვისკენ მოწოდება "უმცირესობის ძალადობაა უმრავლესობის წინააღმდეგ". ასევე, რუსეთის მიმართ მმართველი პარტიის ბუნდოვანი პოზიციის გამო, რაც გამოიხატა მთავრობის დაჟინებულ წინააღმდეგობაში, სრულად შეუერთდეს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს და ახლახანს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო". – თქვა კალიურანდმა.