მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვინდა დავრწმუნდეთ, თუ რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში" - ო'ბრაიენი რუსეთთან ფრენების აღდგენის რისკებზე

64c24e34a1604
შოთა ტყეშელაშვილი
27.07.23 15:04
464
სანქციების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯიმ ო’ბრაიენს აშშ-ის სენატში უსმენდნენ. სხდომაზე მისი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოზიციაზე დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, რა დროსაც მას სენატორებმა საქართველოს მიერ სანქციების აღსრულების საკითხზეც დაუსვეს კითხვა. ო’ბრაიენის განმარტებით, საქართველოს საბაჟო სამსახურები სანქციების თავიდან არიდების მცდელობების წინააღმდეგ რეალურ ნაბიჯებს დგამენ. ამასთან, ო'ბრაიენის თქმით, არსებობს გარკვეული კითხვები რუსეთთან საქართველოს მიერ აღდგენილ ფრენებთან დაკავშირებით, რაც საავიაციო ტვირთებს შეეხება. 

„საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რომ შეზღუდონ საბრძოლო მასალებისთვის საჭირო ნივთების რუსეთში გადაზიდვა. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვრებზე - იქნება ეს საჰაერო თუ სახმელეთო. ეს უწყვეტი სამუშაოა და ჩვენ დიდძალ დახმარებას ვაწვდით. ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით. ახლა კითხვა ისაა, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა უფრო ნათლად დავინახოთ, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ გვეცოდინება, რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, რომლებიც უკან, რუსეთში დაბრუნდებიან“, - განაცხადა ო'ბრაიენმა, რომელიც ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებთან ერთად იმყოფებოდა თბილისში გასული თვის მიწურულს.

დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ო'ბრაიენს რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასა და ამით სანქციებზე თავის არიდების შესაძლებლობაზე ჰკითხა. შაჰინი დაინტერესდა, არის თუ არა ეს შეშფოთების საბაბი.

„არ ვიტყოდი, რომ შემაშფოთებელია“, - უპასუხა ო'ბრაიენმა, მაგრამ დაამატა, რომ სანქციებისგან თავის არიდება „უდავოდ შესაძლებელია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები